ფეხბურთი

1:34 | 14.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი უქმეები: სხირტლაძის სუპერმატჩი სუპერ ლიგაში, მაკარიძის დებიუტი პორტუგალიაში (+VIDEO)

დანიის სუპერ ლიგაში სუპერმატჩი ჩაატარა დავით სხირტლაძემ. 22 წლის ქართველმა შემტევმა „სილკებორგის“ რიგებში „ჰორსენს“ გასვლაზე ორი გოლი გაუტანა. თუმცა, გოლებსაც ხომ გააჩნია?! - დავითმა ჯერ ნახევარბრუნში დალაშქრა მასპინძელთა კარი, ხოლო მერე, როცა ანგარიში 1:3 იყო, ულამაზესი „მაკრატელა“ შეაგდო (სხირტლაძის გოლები). საბოლოოდ მატჩი კი ფრედ, 3:3 დასრულდა. ქართველმა შემტევმა მოედნაზე 89 წუთი დაჰყო და მერე შეცვალეს. „სილკებორგს“ დანიის ჩემპიონატში 5 ტურის შემდეგ ორი ქულა აქვს და ბოლოდან მეორე ადგილზეა. სხირტლაძემ კი მიმდინარე სეზონში პირველი გოლები მიითვალა.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში დებიუტი ჰქონდა გიორგი მაკარიძეს. ქართველმა კიპერმა „მორეირენსეს“ კარი „პაკოშ ფერეირასთან“ მატჩში 90 წუთის განმავლობაში დაიცვა. მან ერთი სეივი შეასრულა და ერთი გოლიც გაუშვა 42-ე წუთზე ველტონისგან, თუმცა მისმა თანაგუნდელებმა მეორე ტაიმში ეს ბურთი გაქვითეს. პორტუგალიაში ჩემპიონატი დღეს დაიწყო და შესაბამისად, „მორეირენსეს“ ერთი ქულა აქვს.

რუსეთის პრემიერლიგაში ქართველების გარეშე დაზავდნენ ყაზანის „რუბინი“ და მოსკოვის „სპარტაკი“ (1:1). საბა კვირკველია ყაზანელთა განაცხადში ამჯერადაც არ იმყოფებოდა, ისევე როგორც ჯანო ანანიძე მოსკოველთა 18 კაცში, თუმცა ჯანოს მიზეზიც აქვს - ისევ ტრავმა აწუხებს. „სპარტაკი“ 3 მატჩის შემდეგ 7 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „რუბინი“ ორი ქულით მეთერთმეტეა.

განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა გიორგი ჭანტურია. მისი „ურალი“ კი შინ ცსკასთან მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში გაშვებული გოლით დამარცხდა (0:1). „ურალს“ 3 ტურში 4 ქულა აქვს და მეექვსეა.

სამაგიეროდ, ისევ სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და შეუცვლელადაც გაისარჯა გიორგი ლორია, რომლის „კრილია სოვეტოვმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოიპოვა „კრასნოდართან“ მატჩში (1:1). გიორგიმ აღნიშნულ შეხვედრაში 5 სეივი შეასრულა. „კრილია“ კინკილა ქულით მე-12 პოზიციას იკავებს.

ჰოლანდიის ერედივიზიონის მეორე ტურში შინ დამარცხდა არნემის „ვიტესი“ „დენ ჰააგთან“ – 1:2. მასპინძელთა შორის ორივე ქართველი, გურამ კაშიაც და ვაკო ყაზაიშვილიც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. პირველმა მათგანმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მეორემ მოედნაზე 61 წუთი გაატარა. „ვიტესს“ ორ ტურში სამი ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა.

იტალიის თასის მეთექვსმეტედ ფინალში გავიდა რომან ჭანტურიასა და ლევან მჭედლიძის „ემპოლი“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ვიჩენცა“ 2:0 დაამარცხა. მჭედლიძე მცირე ტრავმის გამო განაცხადში არ ყოფილა. სამაგიეროდ, 18 კაცში იმყოფებოდა ჭანტურია, მაგრამ სამწუხაროდ ახალგაზრდა შემტევი მოედანზე არ გასულა.

პოლონეთის ექსტრაკლასის მეხუთე ტურში დამარცხდა ლაშა დვალის „შლიონსკი“ სტუმრად „არკასთან“ 0:2. ვროცლავური გუნდის რიგებში შეუცვლელად ითამაშა დაცვის ცენტრში ქართველმა ფეხბურთელმა. „შლიიონსკს“ 5 მატჩში 6 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა.

0.120222