საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ ბულვარში მდებარე "ბრაზილიის სახლში" ბრაზილიელ კოლეგას - ლეონარდო პისიანის შეხვდა. მინისტრების შეხვედრას, ხეჩიკაშვილის მოადგილე შალვა გოგოლაძე და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიაში ოთარ ბერძენიშვილი დაესწრნენ.
სტუმარ-მასპინძლებმა მიმდინარე ოლიმპიური თამაშების შესახებ ისაუბრეს და საქართველოსა და ბრაზილიის სპორტის სამინისტროებს შორის სამომავლო ურთიერთანამშრომლობის გეგმები დასახეს. მხარეთა შეთანხმებით, 2016 წლის ბოლომდე პისიანი საქართველოს ესტუმრება და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
„ბრაზილიას უმაღლესი დონის სპორტული ღონისიებების მასპინძლობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა. 2014 წელს ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზების შემდეგ, ქვეყანა ამჯერად ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია იმ ცოდნის გაზიარება, რაც ბრაზილიას დაუგროვდა სპორტული ღონისძიებების განხორციელების კუთხით, მით უმეტეს, რომ საქართელოში მომავალ წელს საერთაშორისო დონის რამდენიმე ტურნირი უნდა გაიმართოს.
ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე, ასევე ერთობლივი საწვრთნელი შეკრებების ორგანიზებაზე. თბილისში გავაფორმებთ ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმს, რომელიც ქვეყნებს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო მჭიდროს და ეფექტურს გახდის" - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში