თბილისის მერიის თასზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან მარცხის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტუნ ვან ჰელფტერენმა ისაუბრა. როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა განაცხადა, მეტოქემ მის გუნდს პირველ რიგში გამოცდილების ხარჯზე აჯობა, თუმცა იქვე დააყოლა, მოსამზადებელ მატჩებში შედეგს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებო.
ამასთან, ვან ჰელფტერენმა საქართველოს ნაკრების სიძლიერეს ხაზი დასაწყისშივე გაუსვა:
„ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იყო. თამაში ისე არ წავიდა თავიდან, როგორც ველოდით - ბევრი ჯარიმები მიიღეს წამყვანმა მოთამაშეებმა და ამან გარკვეულწილად გეგმები აგვირია. ამასთან, მეტოქემ გამოცდილებით გვაჯობა. ამ მხრივ გამოვარჩევდი ზაზა ფაჩულიას. გარდა ამისა, ფარქვეშ თამაში აშკარად დავთმეთ.
ეს პირველი თამაში გახლდათ იმ სამიდან, რომელიც უნდა ჩავატაროთ და ვფიქრობ, მომდევნო შეხვედრებში უფრო კარგად ვიასპარაზებთ. მოსამზადებელ მატჩებში შედეგს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მაგრამ დღეს უფრო ნაკლები სხვაობით მარცხს ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ 11 ქულიანი სხვაობა განსაკუთრებით დიდი არაა“, - განაცხადა ვან ჰელფტერენმა.