კალათბურთი

1:56 | 12.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელთა ნაკრები ევროსადებიუტო მატჩში ისლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჩაება. ტურნირი ბულგარეთში იმართება და ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან ერთ-ერთი სწორედ მასპინძელია.

ქართველების სადებიუტო მეტოქე კი ისლანდია გახლდათ, რომელთანაც ბუბა ბერიშვილის, თემურ კანკიასა და მიხეილ ბერუშვილის გაწვრთნილმა 16-წლამდელთა ნაკრებმა ბოლომდე იბძოლა და თითქმის შემოტრიალებული მატჩი დასანანად წააგო.

ქართველებმა კარგად დაიწყეს და პირველი პერიოდი 21:18 მოიგეს, თუმცა მეორე მეოთხედში ისლანდიელებმა ყველა კომპონენტში იძალეს და ათწუთეულის 22:9 მოგების შემდეგ, დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

ისლანდიელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და ბოლო პერიოდს 12-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 9 წუთით ადრე ჩრდილოელები 65:53 ლიდერობდნენ, თუმცა ქართველებმა მოინდომეს და ოთარ პერტაიას, გიორგი კვაჭანტირაძისა და კახა ჟღენდის მექულებით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 68:69 დასრულებამდე 2:30 წუთით ადრე.

ქართველებს ძალები აღარ ეყოთ და დასკვნითი წუთები ჩააგდეს. მეტოქემ ისარგებლა და ეგრეტრსონის შედეგიანობით ბოლო წუთზე მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტა. საბოლოოდ ისლლანდიელებმა 79:72 მოიგეს. ქართველთაგან საუკეთესო შედეგი პერტაიას ჰქონდა, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო, გიორგი კვაჭანტირაძემ კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა და 11 მოხსნა.

12 აგვისტოს, თბილისის დროით 19:30 საათზე, საქართველოს ნაკრები მასპინელ ბულგარეთს შეხვდება, რომელიც გუშინ ჩეხეთთან დაძაბულ ბრძოლაში – 82:84 დამარცხდა.

ევროპის U16 ჩემპიონატი. B დივიზიონი. სოფია. ბულგარეთი. 11 აგვისტო

ისლანდია – საქართველო 79:72 (18:21, 22:9, 23:21, 16:21)

www.gbf.ge

0.260373