კალათბურთი

22:15 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუსები ერთადერთი ცენტრით

რუსეთის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც 12 აგვისტოდან თბილისის მერიის თასის გათამაშებაში ჩაებმება, უკვე საქართველოს დედაქალაქში იმყოფება და მომავალი ბატალიებისთვის ემზადება.

რუსების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ბაზარევიჩმა თბილისში 14 კალათბურთელი იახლა: მცველები დმიტრი კულაგინი, მიხაილ კულაგინი, ვიტალი ფრიძონი (ყველა – ცსკა), სერგეი ბიკოვი (უკლუბოდ), მაქსიმ კოლიუშკინი (“ავტოდორი”), დმიტრი ხვოსტოვი (“ლოკომოტივ-ყუბანი”), ალექსეი შვედი (“ხიმკი”), ფორვარდები სემიონ ანტონოვი, ანდრეი ვორონცევიჩი (ორივე – ცსკა), ანდრეი ზუბკოვი, ვლადიმირ ივლევი (ორივე – “ლოკომოტივ-ყუბანი”), სტანისლას ილნიცკი (“ხიმკი”), სერგეი კარასიოვი (“ზენიტი”) და ცენტრი ტიმოფეი მოზგოვი (“ლეიკერსი”, NBA).

შეამჩნევდით, რომ რუსებს შემადგენლობაში ერთადერთი ნომინალური ცენტრი ჰყავთ, ამის მიზეზი კი “ავტოდორის” წევრის არტიომ კლიმენკოს ტრავმა გახდა. ამას გარდა, დაშავებულები არიან მცველი ევგენი ბაბურინი (“ლოკომოტივ-ყუბანი”) და ფორვარდი პიოტრ გუბანოვი (“ნიჟნი ნოვგოროდი”), ნიკიტა ბალაშოვმა კი ნაკრები მწვრთნელთა გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მერიის თასზე საქართველოს და რუსეთის გარდა, უკრაინა და ჰოლანდიაც ითამაშებენ. საქართველოს და რუსეთის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოსკოვშიც შედგა და მაშინ მასპინძლებმა დიდი ანგარიშით – 94:62 იმარჯვეს, ამდენად, ილიას ზუროსის შეგირდებს რევანშის საშუალება ექნებათ.

თბილისის მერიის თასი

12 აგვისტო

17:30 რუსეთი – უკრაინა

20:00 საქართველო – ჰოლანდია

13 აგვისტო

17:30 ჰოლანდია – რუსეთი

20:00 საქართველო – უკრაინა

14 აგვისტო

17:30 უკრაინა – ჰოლანდია

20:00 საქართველო – რუსეთი

0.123247