ძიუდო

20:46 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით ქევხიშვილი: "ამ წონაში ბრინჯაოს მედალი წარმატება იქნება”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ბექა ღვინიაშვილი (100 კგ) საჩემპიონო ბრძოლას მეოთხედფინალში, ფრანგ სირილ მარესთან წაგებით გამოეთიშა და რეპეშაჟში გადაერთო. 20 წლის ძიუდოისტი, რომელმაც მშობლიური წონითი კატეგორიიდან – 90 კილოგრამიდან 100-ში მხოლოდ ოლიმპიადაზე საჭიდაოდ აინაცვლა და რიო 2016-ის სალიცენზიო ნორმატივი ლამის ნახევარ სეზონში შეასრულა, ერთი თავით მაღალ ფრანგთან პირველიდან ბოლო წამამდე აქტიურობდა, მაგრამ ერთ ეპიზოდში თავის წამოწყებულ ილეთზე ვაზარიზე დაეცა და ჩამორჩენა სათავისოდ ვეღარ შეატრიალა. "ბრინჯაოს ნახევარფინალში” ღვინიაშვილის მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი რიუნოსუკე ჰაგა იქნება.

"მსოფლიო სპორტისთვის” ბექა ღვინიაშვილის დილის პროგრამაში გამოსვლა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა შეაფასა:

- ცხადია, ყველას მეტი გვინდოდა, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ბრინჯაოს მედლის მოპოვებაც წარმატება იქნება.

- კონკრეტულად რომელ ფაქტორებს გულისხმობთ?

- თუნდაც წონას და სიმაღლეს. ბექა ამ კომპონენტებში აშკარად ჩამოუვარდება ბევრ კონკურენტს. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს წარუმატებლობას არ ამართლებს და ყველას უნდა მოუგოს. უგებს კიდეც. ნებისმიერის დამარცხება შეუძლია, მაგრამ როდესაც წონით და სიმაღლით გჯობნიან, ეს შენი მეტოქეებისთვის მართლა დიდი უპირატესობაა.

- რეპეშაჟის ნახევარფინალში ღვინიაშვილის მეტოქე ჩეხი ლუკას კრპალეკის და იაპონელი რიუნოსუკე ჰაგას წყვილში გაირკვა. თუ ზემოთ ნახსენებ სიმაღლეს და წონას გავითვალისწინებთ, იაპონელთან დაჭიდება უფრო მისაღები უნდა იყოს...

- აღნაგობიდან გამომდინარე, სირილ მარეს მსგავსად, კრპალეკიც ერთ-ერთი უხერხული მოწინააღმდეგეა. ჰაგა მსოფლიოს ჩემპიონია, მაგრამ ჩემი აზრით, შედარებით უკეთესი ვარიანტია. შანსები კი თანაბარია. გავიმეორებ, ბექას ნებისმიერი ძიუდოისტის დამარცხება შეუძლია. იმედია ბრინჯაოს მედლით გაგვახარებს.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.127659