ბლოგი

11:02 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლიპოს” ცრემლები

ჩვენი თაობის ბიჭებს იმ მორალით გვზრდიდნენ, რომ კაცისგან ცრემლები ნამეტნავად უხერხული რამ იყო და რაგინდარა დარდს გადავყროდით, ტირილი არ იქნებოდა სწორი. ეს რამდენად კარგი მიდგომაა ბავშვის აღზრდისათვის ნამდვილად არ ვიცი და ამას ფსიქოლოგები ბევრად უკეთ განმარტავენ, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში თაობები გავიზარდეთ ამ მორალით და დღესაც, როდესაც ასაცრემელებელია, ყოველთვის ვცდილობთ^ეს ცრემლი სხვებს დავუმალოთ.

მაგრამ არის ცრემლები, რომელიც ნამდვილად დარჩება და თაობებსაც გადაეცემა, რადგან ეს ის ცრემლებია, რაც არც უსუსურობას გამოხატავს, არც ზედმეტ გულჩვილობას და უფრო მეტია, ვიდრე ერთი ადამიანის გულიდან ამოხეთქილი დარდების გროვა.

დიახ, ვარლამ ლიპარტელიანმა ოლიმპიადიაზე დაჯილდოვების დროს თავი მაღლა ვერ ასწია, რადგან ისიც ჩვენსავითაა გაზრდილი და მანაც იცის, რომ ცრემლებს მალვა უყვარს, მაგრამ “ლიპოს” ცრემელბია სწორედ ის, რის გამოც მომავალში ბევრი მშობელი მიიყვანს თავის შვილს ძიუდოზე და შეიძლება სწორედ ამ ცრემლებმა დაგვარწმუნა, რომ ოქროს მედლებზე ფასეული ღირებულებებიც არსებობს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა!

როდესაც ლიპარტელიანი ფინალური შეხვედრის დროს ტატამზე გავიდა, ყველას დიდი იმედი გვქონდა, რომ ბრაზილიაში ქართველების მიერ პირველი ოქროს მედალიც დაიდებოდა. ამ ვარაუდის მიზეზს პირველ ყოვლისა თავად ვარლამი გვაძლევდა, რომელმაც ჭეშმარიტად მაღალპროფესიონალურად მიაღწია ფინალამდე და ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე დაამარცხა ყველა მეტოქე და ეს ისე გააკეთა, რომ ეჭვი არავის შეპარვია მის ღირსეულ გამარჯვებებში.

ლიპარტელიანი ფინალშიც დამაჯერებელი იყო და რომ არა ერთი გაპარული იუკო, ძალიან მეეჭვება მას ეს შეხვედრა დაეთმო, მაგრამ ეს სპორტია და გულშემატკივარი ყველანაირი მოულოდნელობისთვის უნდა იყოს მზად. განა ვარლამის ჭიდაობის წინა დღეს არ გამოცხვა დიდი და ჩვენთვის ყველაზე მძიმე მოულოდნელობა ავთანდილ ჭრიკიშვილის ნახევარფინალში დამარცხების სახით? მაგრამ, ვარლამის თავდაჯერებულობა ჩვენ ყველას გადაგვედო და იმდენი გამარჯვება და ჯანმრთელობა ჩვენ, რამდენი ალალი ცრემლიც ვარლამის ცრემლების პარლალელურად საქართველოში დაიღვარა.

სოციალური ქსელები ჩვენი საზოგადოების ყველაზე ნათელი და ზუსტი სარკეა და რთულია ემოციების გარეშე ნახო და წაიკითხო ის მოსაზრებები და სიტყვები, რაც ვარლამ ლიპარტელიანის ცრემლების ხილვის შემდეგ იწერება და ითქმება. სპორტისგან და ძიუდოსგან ძალიან შორს მყოფი ადამიანებიც კი ვარლამთან და ძიუდოს ყველა ქომაგთან ერთად განიცდიან იმ წუთებს და ამაში მთელი საქართველოა ჩართული.

“ლიპომ” თავისი მარცხითა და ალალი ცრემლებით შეძლო ის, რაც საუკუნეების მანძილზე ყველაზე მეტად გვიჭირს ქართველებს. ესაა ერთი საფიქრალის გარშემო გაერთიანება და ერთად დგომა მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდება. “ლიპოს” ცრემლები თაობებს გაუძლებს. ეს ჩვენ არასდეს დაგვავიწყდება!

0.119275