ავტოსპორტი

17:46 | 10.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“: ბოლიდის პროგრესი ესპანური ეტაპის შემდეგ შეწყდა

„ფერარი“ აცხადებს, რომ ესპანური დიდი პრიზის შემდეგ, მისი ბოლიდს შასის სრულყოფის პროცესში, პროგრესს ვერ მიაღწია და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ გუნდმა პოზიცია „რედ ბულთან“ დათმო. სეზონის დასაწყისში, მარანელოელები „მერსედესის“ ყველაზე ახლო მეტოქეები იყვნენ. თუმცა სწორდ ესპანეთის შემდეგ, სადაც გამარჯვება „რედ ბულის“ ახალწვეულმა მაქს ფერსტაპენმა მოიპოვა, ავსტრიული გუნდის უპირატესობა თანდათან გამოიკვეთა.

გერმანიაში „რედ ბულის“ ორივე პილოტმა შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა, რითაც ხარებმა კონსტრუქტორთა პირველობაზე, კვიცების გადასწრება შეძლეს. არდადეგების დაწყებამდე, იტალიურმა გუნდმა თავისი ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი დაითხოვა.

„ფერარის“ გუნდის შეფი მაურიციო არივაბენე (ფოტოზე) ამბობს, რომ კანადაში გაუმჯობესებულმა ძრავმა კარგად იმუშავა, თუმცა დასძენს, რომ ბორბლების გზასთან ჩაჭიდების მხრივ, გაუმჯობესება ბარსელონას შემდეგ არ ყოფილა. და სწორედ ამან შექმნა ძირითადი პრობლემა. „ჩვენ ვიცით, რაზე უნდა ვიმუშაოთ და ეს რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გავაკეთოთ. თუნდაც ეს იოლი არ იყოს“, - ამბობს არივაბენე.

ის დასძენს, რომ სიტუაცია რთულია, რადგან ძალიან ძნელია ოპტიმალური ბალანსის მოძებნა მექანიკურ ჩაჭიდებასა და აეროდინამიკურ ჩაჭიდებას შორის: „ჩვენ გვაქვს ორი ტიპის ჩაჭიდება - მექანიკური და აეროდინამიკური. პირველს მექანიკური ზეწოლა იძლევა, მეორეს კი - აეროდინამიკური. ორივე მიმართულებით მუშაობა გვმართებს, რადგან ორივე ერთ საქმეს ემსახურება და უნისონში უნდა იყოს. მაგრამ ხშირად, ეს ორი მხარე განსხვავებული მიმართულებით ვითარდება, როგორც ახლაა“.

არივაბენე ამბობს, რომ „ფერარი“ მიმდინარე სეზონის ჩამოწერას არ აპირებს. სიტუაციის გამოსასწორებლად, ჯერ ტექნიკური დეპარტამენტის რესტრუქტურიზაციაა ჩასატარებელი, რაც უახლოეს მომავალში უნდა მოესწროს.

„მინდა ვთქვა, რომ მათ (რედ ბულმა) ძალიან სწრაფ პროგრესს მიაღწიეს. ისინი ახლა ჩვენს წინ არიან. მაგრამ ამის გამო დანებებას არ ვაპირებთ. ჩვენ ამის გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ და სწრაფად ვიმოქმედოთ. ამჟამად პანიკის გარეშე, გუნდის გადახალისებას ვაწარმოებთ. ჩვენ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ დარწმუნებული ვიყავით ამის აუცილებლობაში“, - ამბობს არივაბენე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166584