ოლიმპიადაზე ავიღეთ პირველი მედალი. ლაშა შავდათუაშვილმა ძიუდოში ბრინჯაო დაიტოვა. ჩვენ მეტი გვინდა. და მეტი იქნება. ძიუდოში, ჭიდაობაში, ძალოსნობაში. იქ, სადაც შედეგი უნდა გვქონდეს. იქ, სადაც მაგრები ვართ.
ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი აგრძელებს თავის ოლიმპიურ დღიურს. წავედით.
კახი კახიაშვილი (სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი): ოლიმპიურ სოფელში ცხოვრება გრძელდება. ძალიან მტკივნეული იყო ჩვენი ძიუდოისტების ყველა წაგება. მეტს რომ ელოდები და ვერ იღებ შედეგს... ეს ყოველთვის მძიმეა. წარმომიდგენია, როგორ განიცადეს სპორტსმენებმა. და შემდეგ, ძალიან გაგვახარა ლაშამ, შავდათუაშვილმა. ეს მნიშვნელოვანი იყო. იმედი მაქვს, ძიუდოისტები დარჩენილ წონებში მეტს გააკეთებენ. ნებისმიერი სახეობის, ნებისმიერი დისციპლინის დამთავრების შემდეგ, რჩება მაქსიმუმ, 3 ბედნიერი და ათამდე მოწყენილი, იმედგაცრუებული სპორტსმენი. ეს ლოგიკურია. ოთხი წელიწადი ემზადები ოლომპიადისთვის და წარუმატებლობით გამოწვეული ტკივილი რჩება.
მოლოდინი და ემოცია.
კ.კ: ყველას რაღაცის მოლოდინი აქვს. ოლიმპიადაზე მაქსიმუმს აკეთებს ის სპორტსმენიც, რომელიც წინასწარი შედეგებით არ შედის ლიდერებში. სპორტსმენმა უნდა იცოდეს ემოციის გაკონტროლება. უნდა შეძლო იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე – შეგიძლია. ოლიმპიადაზე იცვლები. და ოლიმპიადა ყველაზე პოზიტიურად ვერ მოქმედებს. ეს სპორტია. ეს მოლოდინია. ეს ემოციაა. და შემდეგ მოდის ყველაზე სათუთი – შენი ქვეყნის დროშის აწევა, შენი ჰიმნი, პაუზა და შემდეგ, აპლოდისმენტები, რომელიც შენ საკუთარი შრომით დაიმსახურე.
NIKE-ის ოფისში მისვლა.
კ.კ: დამპატიჟეს NIKE-ის ოფისში. გოლფ კლუბის ტერიტორიაზე. კომპანია აქტიურად არის ჩართული ოლიმპიურ მოძრაობაში. აწყობენ ივენთებს, ხვდებიან ცნობილ სპორტსმენებს, ატარებენ აქციებს. ძალიან სასიამოვნო და უშუალო, მდიდარი შეხვედრა იყო. ამერიკელებმა შეაფასეს ჩვენი ფორმები. აღნიშნეს, რომ ყველასგან განსხვავებული, ლამაზი ფორმები გვაქვს. სასიამოვნო იყო.
მინისტრის მხარდაჭერა.
კ.კ: სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ჩვენს გვედით არის. ისევე, როგორც მისი მოადგილეები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გვერდით არის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ეს ბევრს ნიშნავს სპორტსმენებისთვის. ჩვენ ვგრძნობთ ამ ხალხის მხარდაჭერას.
აკლიმატიზაციაზე.
კ.კ: თითქმის ბოლომდე ყველამ გაიარა. ძალოსნებს ვგულისხმობ. საშუალოდ, ძალოსანი აკლიმატიზაციას 5-6 დღეში გადის. ნუ, შეიძლება მძიმე წონამ 7-8 დღეში გაიაროს. ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე მზად არიან. გიორგი ჩხეიძე უფრო ადრე ჩავიდა რიოში. შესაბამისად, ისიც მზად არის. მთავარი მალე დაიწყება.
კარლ ლიუისზე.
კ.კ: NIKE-ის ოფისში შევხვდი ლეგენდარულ კარლ ლუისს. ამერიკელს კარგად ვიცნობ. არაჩვეულებრივი სპორტსმენი და ძალიან ჩვეულებრივი, მიწაზე დაშვებული ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის დაელაპარაკოს ჟურნალისტს, სიამოვნებით ხვდება მეგობარს, ყოველთვის დადებითად არის განწყობილი. მე მას დიდ პატივს ვცემ. სასიამოვნო შეხვედრა იყო.
ოლიმპიური დღიურები გაგრძელდება.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეს-ცენტრი