სხვა

10:09 | 10.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქარს გატანებული მედლის ამბავი

ქართულმა დელეგაციამ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი სერიოზული იმედგაცრუება იწვნია. საქართველოს მედროშემ, ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად იყო განთესილი და რა თქმა უნდა ფავორიტთა შორისაც სახელდებოდა, ოლიმპიადა მედლის გარეშე ჩაამთავრა. დილის პროგრამაში ჭრიკიშვილმა ყველა ბრძოლა მოიგო. უმაღლეს ტიტულამდე ორი გამარჯვებაღა აშორებდა, მაგრამ არათუ ოქრო-ვერცხლი, მესამე საპრიზო ადგილიც სანატრელი გაგვიხდა.

არადა ჭრიკიშვილს შეეძლო გამხდარიყო პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულთან ერთად ოლიმპიური ოქროც ექნებოდა მოპოვებული.

კენჭისყრამაც საკმაოდ გაუმართლა – სატურნირო ბადეში მთავარი კონკურენტების საპირისპირო მხარეს მოახვედრა. შემდეგ კი ისინიც და ავთანდილის მხარეს მყოფი მთავარი ფავორიტები ერთმანეთის მიყოლებით გამოეთიშნენ ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას.

თავად ჭრიკიშვილმაც უჩვეულოდ მძიმედ დაიწყო. საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალეშს ერთადერთი იუკოთი სძლია. მეორე წრეში კი სალვადორელ ხუან დიეგო ტურციოსთან – უილეთო, ორშიდოიან უპირატესობას დასჯერდა. ცნობისთვის ამ სალვადორელმა ძიუდოისტმა საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის, ევროპის ჩემპიონ გიორგი რევაზიშვილის ვაჟი დაამარცხა, რომელიც წლებია, რომან მუსტოპულოსისა და საბერძნეთის ნაკრების სახელით გამოდის.

მეოთხედფინალში ჭრიკიშვილმა იტალიელ მატეო მარკონჩინისთან ვაზარი და იუკო აიღო და თითქოს ზედმეტი ნერვიულობის გარეშე უნდა ემარჯვა, მაგრამ ბოლო წუთზე ჩოქბჯენში ძალიან ცუდ პოზიციაში აღმოჩნდა და შებოჭვას დიდი წვალებით გადაურჩა.

დილის პროგრამის დასრულების შემდეგ, გვარიანად ნანერვიულებმა, მაგრამ ძალიან გახარებულმა შეგირდის ჭიდაობის შეფასება საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს ვკითხე. მან მიპასუხა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და ჭრიკიშვილი მისთვის უჩვეულო არაეფექტური, მაგრამ ტაქტიკურად გამართული ჭიდაობის ხარჯზე მიიწევდა მიზნისკენ.

სამწუხაროდ, მცირე უპირატესობის მოპოვებაზე და შენარჩუნებაზე გათვლილმა ტაქტიკამ ნახევარფინალში შედეგი ვეღარ მოიტანა – ამერიკელმა ტრევის სტივენსმა მეხუთე წუთის დასაწყისში, შიდოთი დაწინაურებულ ჭრიკიშვილს მტკივნეული ილეთით სძლია და ქართული "ოქროს კოშკიც” უმალ თავზე ჩამოგვეშალა. ამ შეხვედრის დასრულებამდე ოქროსთვის ბრძოლას უკვე ჩამოშორებულები იყვნენ ჭრიკიშვილის მთავარი კონკურენტები: იაპონელი ტაკენორი ნაგასე, ფრანგი ლუის პიეტრი, სამხრეთკორეელი სენგსუ ლი და ბულგარელი ივაილო ივანოვი.

რეპეშაჟის ფინალში გადართული ავთანდილ ჭრიკიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ნაგასეს დაეჭიდა. მსოფლიოს იაპონელმა ჩემპიონმა იუკოთი იმარჯვა. მეორე ბრინჯაოს პორტუგალიელი სერგიუ ტომა დაეუფლა. ოლიმპიური ჩემპიონი კი რუსეთის ნაკრების წევრი ხასან ხალმურზაევი გახდა, ფინალში სტივენსის იპონით ძლევით.

გუშინვე, საქართველოს დელეგაციის ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა – ოლიმპიური თამაშების სამივე სინჯის მედლის მფლობელმა ნინო სალუქვაძემ სპორტული პისტოლეტიდან ისროლა და საკვალიფიკაციო ეტაპიც დაძლია – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტმა 584 ქულა დააგროვა და ნახევარფინალში, რვა საუკეთესოს შორის მესამე ადგილით გავიდა.

ფინალში მოსახვედრად და შესაბამისად, მედლისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად პირველ ოთხეულში მოხვედრა იყო აუცილებელი. სალუქვაძემ კი საბოლოოდ თავის მე-8 ოლიმპიადაზე 14 ქულით მე-6 შედეგი აჩვენა.

9 აგვისტოს, მშვილდოსანთა ინდივიდუალური პირველობის პირველი ორი წრის შეხვედრებიც გაიმართა. ქართველ მშვილდოსანთაგან ჯერჯერობით საქმეში მხოლოდ ხათუნა ნარიმანიძე ჩაერთო და შეჯიბრს უმალ გამოეთიშა, უკრაინელ ლიდია სიჩენიკოვასთან წაგებით. პირველ სერიაში ორივე სპორტსმენმა 25-25 ქულა აიღო. შემდეგ კი უპირატესობას სიჩენიკოვა დაეუფლა და 25:24, 27:24 და 28:27 იმარჯვა.

მშვილდოსნები იულია ლობჟანიძე და ქრისტინე ესებუა პირველი წრის შეხვედრებს დღეს ჩაატარებენ და გამარჯვების შემთხვევაში, დღესვე იბრძოლებენ მერვედფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად. ლობჟანიძე მექსიკელ ალეხანდრა ვალენსიას შეხვდება, ხოლო ესებუა - ინდოელ დეეპიკა კუმარის.

ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი სპორტული პისტოლეტით შეეცდება საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას და მედლისთვის ბრძოლას. მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მიიღებს მონაწილეობას. ქართველი ქომაგების მთავარი ყურადღება კი კვლავ ძიუდოს დარბაზისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც მამაკაცთა შორის 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები, ხოლო ქალებში – 70 კილოგრამში.

საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ ვარლამ ლიპარტელიანი და ესტერ სტამი.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

თეგებირიო 2016
0.147699