ფეხბურთი

10:40 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ხუციშვილი: „ტრანსფერებზე პასუხისმგებელი ვარ“

„დინამო“ თბილისი განაგრძობს მედიასთან აქტიურ თანამშრომლობას და ამჯერად ჟურნალისტებთან ონლაინ ინტერვიუ კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა ჩაწერა. სხვათა შორის, ხუციშვილი ევროპა ლიგის პლეი-ოფს იმედიანად ხვდება - მისი თქმით, შანსი თანაბარია.

ამასთან, „დინამოს“ სპორტული დირექტორი ტრანსფერებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. თუმცა, როგორც აღნიშნა, ადვილი არაა საქართველოს ჩემპიონატში თამაშზე დაითანხმო მაღალი დონის ფეხბურთელი...

- როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე შეიძლება გადალახოს დინამომ ბერძნული პაოკის ბარიერი და რამდენად რეალურია ჯგუფში მოხვედრის პერსპექტივა?

- პირველ ყოვლისა შემართების, მონდომების და ძალების მაქსიმალური მობილიზების ხარჯზე, უმნიშვნელოვანესია გულშემატკივრის მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ პაოკი უკეთეს ლიგაში თამაშობს და ფეხბურთელებიც უფრო ძვირადღირებული ჰყავს, ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის, დინამოელები ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წარმომადგენლები არიან და მათ სათანადო გამოცდილება გააჩნიათ. ჩვენს ფეხბურთელებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. გუნდში ყველა აცნობიერებს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ეტაპის დაძლევას, როგორც გუნდისთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის, ისე თითოეული ფეხბურთელის მომავალი კარიერისთვის.

ორმატჩიან პლეი ოფში ყველაფერია შესაძლებელი, ამიტომ შანსებს 50/50 ზე შევაფასებდი.

-წარმატებას გისურვებთ მომავალ მატჩებში, მაგრამ მაინც - როგორ შეაფასებდით იურაი იარაბეკის მუშაობას დინამოში და იმ შემთხვევაში თუ გუნდი პაოკს ვერ გასცდა, მოსალოდნელია სამწვრთნელო შტაბში საკადრო ცვლილებები?

- არაერთხელ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, რომ დინამოს მიზანი ამ სეზონში ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. ჩემპიონობა და თასის მოპოვება უდავოდ კარგია, მაგრამ ეს ტიტულები ჩვენთვის ევროპისკენ მიმავალ გზად განიხილება. იარაბეკის კონტრაქტის მთავარი პუნქტი გახლავთ ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. არ მინდა წინასწარ საუბარი, დაველოდოთ ევროპა ლიგის პლეი ოფის მატჩებს და გადაწყვეტილებებზე შემდეგ ვისაუბროთ. ისე გეტყვით, რომ დინამოს სპორტული ხელმძღვანელობა მწვრთნელთა შტაბის გაწეული სამუშაოთი კმაყოფილია.

- იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას გახორციელებულ ტრანსფერებზე?

- რა თქმა უნდა ვიღებ პასუხისმგებლობას. არა მარტო ლეგიონერებზე, არამედ ქართველ ფეხბურთელებზეც. თავად გაიხსენეთ, ეროვნული ნაკრების რამდენი მოთამაშე მოვაბრუნეთ დინამოში.

რაც შეეხება ახალ ლეგიონერებს: კურიე ჩერნო მორეს საუკეთესო მოთამაშე იყო, 12 გოლი გაიტანა სეზონში, მუდმივად ძირითადში თამაშობდა და ბულგარეთის საუკეთესო ლეგიონერების ხუთეულში მოხვდა. ველევი ლოკომოტივის გამორჩეული ფეხბურთელი იყო, ბულგარეთის ნაკრების მოთამაშეა, ალაშკერტთან პირველ მატჩი ერთ-ერთი საუკეთესო იყო... მერე დაშავდა და იმედია, რომ პაოკთან განმეორებით მატჩში დაგვეხმარება. შპიჩიჩს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა ოსიეკში, იქამდე კი აზერბაიჯანის ლიგაში საუკეთესოთა შორის იყო თავის ამპლუაში, თან ამისულაშვილთან ერთად ჰქონდა ნათამაშები. რაც შეეხება სკრიბეს, საფრანგეთის მეორე ლიგაში სულ ძირითადში იყო, რაც იოლი ნამდვილად არ არის.

- კლუბის პრეზიდენტი, ბატონმა რომან ფიფიამ დააფიქსირა, რომ გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იყო, რამდენად შესაძლებელი იყო ამ ლეგიონერების იმედად ყოფნა ამ რანგის ტურნირზე?

- თავიდანვე უნდა მოგახსენოთ, რომ ბატონმა რომან ფიფიამ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ლეგიონერთა სიაზე თანხმობა მოგვცა. ის სატრანსფერო პოლიტიკაში არ ერევა და სპორტულ მენეჯმენტს სრულ ნდობას უცხადებს. ეს ფეხბურთელები ჩვენ არსებული რეალობიდან გამომდინარე ავარჩიეთ. მაღალი კლასის ტოპ ფეხბურთელი, რაც არ უნდა თანხა შესთავაზო, თუ ჩემპიონატი არ არის მაღალი დონის, არ ჩამოვა. დღევანდელი ლეგიონერები კი მწვრთნელთან კონსულტაციის შედეგად მოვიყვანეთ, მათთან თანამშრომლობაზე საბოლოო სიტყვა იარაბეკს ეკუთვნის.

- ბოლო პერიოდში დინამოს ლეგიონერები ხშირად კრიტიკის ობიექტები ხდებოდნენ, ყველაზე უკეთ თავი ესპანელებმა წარმოაჩინეს, ხომ არ გიფიქრიათ რომ მომავალში აქცენტი სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენლებზე გაგეკეთებინათ?

- მე უაღრესად დიდ პატივს ვცემ ესპანურ ფეხბურთს და მათი ფეხბურთელების კვალიფიკაციაზეც დიდი წარმოდგენის ვარ, მაგრამ იგივეს გავიმეორებ - ძნელია დააინტერესო კვალიფიციური ესპანელი მოთამაშე, ჩვენს ლიგაში გადმოსვლაზე, მერწმუნეთ მხოლოდ ფული არ თამაშობს გადამწყვეტ როლს. საუკეთესო, ვინც აქ გვყავდა, უდავოდ ჩისკო იყო, რომელსაც თუ გახსოვთ დაახლოებით ნახევარი სეზონი დასჭირდა ადაპტაციისთვის.

- და ბოლოს იქნებ დინამოში უკანასკნელ პერიოდში მომხდარ ცვლილებებზეც გვითხრათ...

- გიორგი ქვილითაია მოგეხსენებათ ვენის რაპიდში განაგრძობს კარიერას. ის ნემსით გაყუჩებული ტკივილით თამაშობდა ალაშკერტთან. შემდეგ ტრავმა გაურთულდა და 2-3 კვირა იძულებული იყო ვარჯიში შეეწყვიტა. წინადადება გვქონდა ავსტრიული გრანდიდან და ჩვენც ხელი აღარ შევუშალეთ მას ევროპულ გზაზე. ეს დინამოს პრინციპია, თუ რომელიმე მოთამაშეს, რომელიც დინამოსთვის თავდადებით ირჯება, მიმზიდველი შემოთავაზება ექნება ევროპული გუნდისგან, ჩვენ მას არ დავაბრკოლებთ. ცხადია კლუბის ინტერესების გათვალისწინებით.

რაც შეეხება ნიკოლოზ გელაშვილს. ზაგრებულ დინამოსთან მატჩების შემდეგ იგი დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიდა, მის მიმართ ნაწილობრივ პრესით და ტელევიზიით, მეტ წილად სოციალური ქსელებით უარყოფითი ემოცია წამოვიდა, რიგ შემთხვევებში მეტისმეტად აგრესიულიც კი, რაც ჩემი აზრით დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, მან თავად გვთხოვა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეგვეჩერებინა კონტრაქტი. მე წარმატებას ვუსურვებ ნიკოლოზ გელაშვილს მის მომამავალ კარიერაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103657