ძიუდო

10:10 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიო 2016-ის ოლიმპიური ანგარიში ოლიმპიურმა ჩემპიონმა გახსნა

საქართველომ რიო 2016-ზე მედლების ანგარიში გახსნა. ოლიმპიადის დაწყებიდან მესამე დღეს, "კარიოკა არენის” ტატამზე ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი გავიდა და ამჯერად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გასათვალისწინებელია, რომ შავდათუაშვილი 4 წლის წინ 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაჩემპიონდა. ახლა კი 73 კილოგრამში ავიდა პოდიუმზე.

ჯერ კიდევ კენჭისყრისას გამოჩნდა, რომ ოქროს მედლისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთი, შავდათუაშვილისა და იაპონელი შოჰეი ონოს მეოთხედფინალური დაპირისპირება უნდა ყოფილიყო. თავად ლაშას უთქვამს ოლიმპიურ სოფელში, ვინც ამ შეხვედრას მოიგებს, ჩემპიონიც ის გახდებაო. ასეც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, უმაღლეს ტიტულს იაპონელი დაეუფლა - მსოფლიოს 2-გზის და აწ უკვე ოლიმპიური ჩემპიონი შოჰეი ონო, რომელიც ძიუდოში მოტრიალე ბევრი სპეციალისტის აზრით, იაპონიის ნაკრების ყველაზე ტექნიკური ძიუდოისტია.

მეოთხედფინალამდე ლაშა შავდათუაშვილმა ორი ეტაპი ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გაიარა. შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც კუბელ მაგდიელ ესტრადას 2 წუთსა და 40 წამში ორი ვაზარი შეუსრულა. შემდეგ კი შრი ლანკის ნაკრების წევრი ჩამარა რეპიალაჯი ორწუთნახევარში დასცა ბეჭებზე.

შავდათუაშვილისა და ონოს შეხვედრამდე, პრესლოჟის გვერდით, იმ ტრიბუნაზე გადავინაცვლე, სადაც ქართველები ისხდნენ. მათ შორის ნაკრების მწვრთნელი დავით ასუმბანიც იყო. ვკითხე, რა ტაქტიკით სჯობდა აბსოლუტურად უნაკლო იაპონელის წინააღმდეგ ჭიდაობა. პირველ ყოვლისა მარჯვენა ხელი უნდა გაუთიშოს, რაც შეიძლება ახლოდან ეჭიდაოს და მაქსიმალურად წნეხში ჰყავდესო.

შავდათუაშვილმა ასეც დაიწყო, მაგრამ ცოტა ხანში ყველა დავრწმუნდით, რომ ონოსთან ბრძოლისას რომელიმე კონკრეტული ტაქტიკით შედეგის მიღწევა გამორიცხულია. ალბათ ერთადერთი გზა უპირატესობის ფიზიკური ძალის ხარჯზე მოპოვება და შენარჩუნებაა, მაგრამ 73 კილოგრამი წონითი კატეგორიისთვის აშკარად ტანდაბალი იაპონელი ამ მხრივაც უნაკლოა. ამხელა ძალა აქამდე არც ერთი მოწინააღმდეგისგან არ მიგრძვნიაო, უთქვამს დილის პროგრამის დასრულების შემდეგ შავდათუაშვილს თანაგუნდელებისთვის.

საღამოს ბლოკი დამამშვიდებელი ეტაპის შეხვედრებით დაიწყო. ბრინჯაომდე ორი გამარჯვება რჩებოდა. პირველ ყოვლისა, რუსეთის ნაკრების წევრ დენის იარცევის ძლევა იყო აუცილებელი. ქართველები და რუსები ერთ ტრიბუნაზე აღმოვჩნდით. მე-5 წუთის ბოლომდე ისინი ხარობდნენ, რადგან იარცევი იუკოთი იგებდა. საფინალო გონგამდე ოციოდ წამით ადრე ლაშა ვაზარით დაწინაურდა. სულ რამდენიმე წამში კი ბეჭებზეც დასცა მეტოქე და "ბრინჯაოს ფინალში” გავიდა.

გადამწყვეტ ბრძოლაში შავდათუაშვილი ევროპის შარშანდელ ჩემპიონს – ებრაელ საგი მუკის დაეჭიდა. პირველ სამ წუთში მსაჯს ორჯერ გააფრთხილებინა. მეოთხე წუთის დასაწყისში კი იპონით მოუმთავრა საქმე.

ძიუდოისტთა ფინალურ ბლოკში ტატამზე კიდევ ერთი ქართველი გავიდა, თანაც ორჯერ – საერთაშორისო ფედერაციამ 14 გადამწყვეტი ბრძოლიდან 2-ში მთავარ მსაჯად ვლადიმერ ნუცუბიძე გაამწესა. საერთაშორისო კატეგორიის ერთადერთი ქართველი მსაჯი ყოველ დღე ერთ-ერთი გამორჩეულია და ფინალურ ბლოკშიც სტაბილურად ხვდება. ქალთა შორის, 48 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალი სწორედ ვლადიმერ ნუცუბიძემ იმსაჯა.

ისევ შავდათუაშვილის გადამწყვეტ გამარჯვებას დავუბრუნდები - მიქს ზონაში, სადაც მხოლოდ ჟურნალისტებს უშვებენ, სპორტსმენის ბრძოლისშემდგომი კომენტარის ჩასაწერად ჩასულს, ლამის მთელი ქართული დელეგაცია დამხვდა. მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, საქართველოს ელჩი ბრაზილიაში ოთარ ბერძენიშვილი, სეოკ-ის ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, ძიუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე და სხვები. რიოს ოლიმპიადის პირველ ქართველ მედალოსანს ყველა ცალ-ცალკე ჩაეხუტა. ყველამ უამრავი ფოტო გადაიღო და რაც ყველაზე გასაკვირი იყო, ჩვენი ზღვარგადასული ჟრიამული არათუ საორგანიზაციო შტაბის წარმომადგენლებს, ერთ ვოლონტიორსაც კი არ გაუპროტესტებია.

"ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ წონა შევიცვალე. 66-დან 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გადავედი და შეგუება ძალიან გამიჭირდა. ბევრი ვიშრომე, ვიბრძოლე და მიხარია, რომ გარჯა დამიფასდა. ცხადია, ჩემპიონობა მინდოდა, მაგრამ ვფიქრობ, ბრინჯაოს მედალიც მშვენიერი შედეგია. ოლიმპიურ თამაშებზე ნებისმიერი სინჯის მედლის მოპოვება დიდი წარმატებაა. მიხარია, რომ საქართველოს პირველი მედალი ამ უმნიშვნელოვანეს დღეს – 8 აგვისტოს მოვუტანე. თან გზად რუსი მეტოქეც დავამარცხე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ შედეგის მიღწევაში დამეხმარა” – უთხრა ლაშა შავდათუაშვილმა "მსოფლიო სპორტს”.

ქართველ ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგ, ლაშას მცირე კომენტარი რუსეთის რომელიღაც გამოცემის წარმომადგენელმაც სთხოვა, მაგრამ ჩვენმა ბრინჯაოსანმა მასთან საუბარი არ ისურვა.

"ბრინჯაოთი დავიწყეთ. წინ კიდევ ბევრი მედალი და რაც მთავარია, ოქროები გველოდება. რიოს ოლიმპიადა საქართველოსთვის ყველაზე წარმატებული იქნება ოლიმპიადების ისტორიაში” – კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავისი პროგნოზი ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა.

9 აგვისტოს ქართველი გულშემატკივრების მთავარი ყურადღება ისევ ძიუდოს დარბაზისკენ იქნება მიპყრობილი. მედლები მამაკაცთა შორის 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება, სადაც პირველ ნომრად ავთანდილ ჭრიკიშვილია განთესილი. მსოფლიო რეიტინგის ქართველი ლიდერი საქმეში მეორე წრიდან ჩაებმება, კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალეშთან შეხვედრით. გამარჯვების შემთხვევაში კი მერვედფინალში საბერძნეთის ნაკრების წევრ რომან მუსტოპულოსსა და სალვადორელ ხუან დიეგო ტურციოსს შორის მოგებულს დაუპირისპირდება. მუსტოპულოსი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი წევრის – გიორგი რევაზიშვილის ვაჟია.

9-ში ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძესა და მშვილდოსან ხათუნა ნარიმანიძესაც უნდა ვუქომაგოთ. სალუქვაძე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ჩაერთვება მედლებისთვის ბრძოლაში. ნარიმანიძე კი ინდივიდუალური პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში უკრაინელ ლიდია სიჩენიკოვას დაუპირისპირდება და თუ მოუგებს, დღის განმავლობაში მეორე წრის შეხვედრასაც გამართავს.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.131853