კალათბურთი

17:15 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სლოვაკეთი ავსტრიასთან განადგურდა

სლოვაკეთის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტ-2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ავსტრიასთან 57:92 (34:43) განადგურდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი 4 12-წუთიანი მეოთხედისგან შედგებოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სლოვაკები 60-ქულიან ზღვარსაც კი ვერ ასცდენენ. და ეს, მეტოქესთან, რომელიც ევროპული კალათბურთის გრანდებს ნამდვილად არ მიეკუთვნება. ივან რუდეზის შეგირდთაგან ყველაზე შედეგიანი ზიაკი იყო 12 ქულით, ბილიკმა 11 ქულა ჩააგდო, ბატკამ კი – 9.

17-19 აგვისტოს სლოვაკები ქალაქ პრიევიძაში ოთხთა ტურნირს უმასპინძლებენ, მეტოქეებად კი დანია, უკრაინა და შვეიცარია ეყოლებათ.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთი და საქართველო ჩერნოგორიასთან და ალბანეთთან ერთად, საკვალიფიკაციო F ჯგუფში ითამაშებენ.

სლოვაკები ქართველებს 3 სექტემბერს ბრატისლავას HANT aréna-ზე დაუხვდებიან, საპასუხო შეხვედრა კი თბილისში 14 სექტემბერს შედგება.

0.132686