ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედში” პირველი ტიტული მოიგო. “მანკუნიანელებმა” ინგლისის სუპერთასზე ჩემპიონ “ლესტერს” 2:1 მოუგეს და სეზონის პირველი თასი დაისაკუთრეს. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, “იუნაიტედს” სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს. აქვე მან პოლ პოგბას შესახებაც ისაუბრა.
“ახალი გუნდია, რომელსაც შეთამაშება სჭირდება და ამიტომ, სამუშაო ბევრი გვაქვს. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, თუმცა მეორეში ასე არ ყოფილა. პოგბა? – უძლიერესი ფეხბურთელია და თუ ის ჩვენთან მოვა, შეიძლება ითქვას, ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება”, - განაცხადა მოურინიომ.
სხვათა შორის, პოგბას ტრანსფერის გაოფიციალურებას დღეს ელოდებიან. გუშინ, ფრანგმა “იუნაიტედში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ “წითელი ეშმაკების” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყებოდა, თუმცა ამის ამსახველი კადრები ანაც ფოტოები, აქამდე არ გავრცელებულა. ამასობაში კი, პოლ პოგბამ თავისი ტვიტერის გვერდზე დაწერა:
“რაც უფრო ბევრი ადამიანი საუბრობს, მით უფრო არავის ესმის – მალე ყველაფერს გაიგებთ”, - დაწერა პოგბამ.