ძიუდო

10:57 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ოქრო საქართველოს კორპუსში, ოღონდ კოსოვოს ოთახში

"ყველაფერი ისე მიდის, დღეს პირველი მედალი უნდა გვქონდეს” – ვუთხარი "კარიოკას” საჭიდაო დარბაზში პირველი წრის შეხვედრების დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს. ისიც ძალიან გახარებული იყო, ისევე, როგორც ტრიბუნაზე ჩემთან ერთად მჯდომი მამუკა ხაბარელი და ირაკლი დოლაბერიძე.

საქართველოს ნაკრების წევრი ვაჟა მარგველაშვილი ჯერ ტატამზე ერთხელაც არ გასულიყო, მაგრამ მის ჯგუფში ისეთი ამბები დატრიალდა, უკეთესს რომ ვერც ვინატრებდით. ჯერ იყო და ჯგუფის და მთლიანად ოლიმპიადის ერთ-ერთი ფავორიტი, ევროპის და მსოფლიოს ორ-ორგზის პრიზიორი რუსი მიხაილ პულიაევი საწყის შეხვედრაში კანადელ ანტუან ბუშარდთან დამარცხდა. შემდეგ კი ზამბიელმა მეთიუს პუნზამ მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ებრაელი გოლან პოლაკი შებოჭა.

ერთი შეხედვით, ვაჟა მარგველაშვილს ნახევარფინალისკენ მიმავალი დერეფანი გაეხსნა, ოღონდ ცხადია, ხელი თავადაც უნდა გაენძრია და თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოევლინა. პირველ წრეში მეტოქედ სლოვენიელი ადრიან გომბოცი ჰყავდა, რომელსაც დღემდე სამჯერ დასჭიდებოდა. სტატისტიკაშიც სჯობდა და მსოფლიო რეიტინგშიც. ორჯერ (2014 წელს, ტოკიოს გრან სლემზე და 2015 წელს, დიუსელდორფის გრან პრიზე) მოუგო. ერთხელ (2015 წელს, კლუჟის მსოფლიო თასზე) დამარცხდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება ჩვენთვის არასასურველი ფინიშით დასრულდა – შეხვედრის სტარტზევე, მსაჯმა მარგველაშვილი არასწორი ჩავლებისთვის გააფრთხილა. მეორე წუთის დასაწყისში კი გომბოცის გდებისას ქართველმა ძიუდოისტმა ბეჭებზე დავარდნისგან თავის გადარჩენა ხიდზე დადგომით სცადა, რაც ისედაც იპონს ნიშნავს. სჯობდა, გდებას მიჰყოლოდა, იპონზე დაბალი შეფასების და ბრძოლის გაგრძელების იმედად.

უფავორიტოდ დარჩენილი ჯგუფიდან გომბოცი გავიდა. 66 კილოგრამის ოლიმპიური პოდიუმის უმაღლესი საფეხური კი იმ ძიუდოისტმა მოიპოვა, ვისგანაც ასეთ წარმატებას თავგადაკლული ქომაგების გარდა ალბათ არავინ ელოდა – ფაბიო ბასილემ ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სამხრეთკორეელი ბაულ ანი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები იაპონელმა მასაში ებინუმამ და უზბეკმა რიშოდ სობიროვმა მოიპოვეს.

დღის მთავარი მოვლენა კი კოსოვოს დელეგაციის მიერ ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქროს მოპოვება იყო. 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტმა მაილინდა კელმენდმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ოქროს მედალი იმ კორპუსში წაიღო, სადაც ქართული დელეგაციაც ცხოვრობს.

ძიუდოს დილის პროგრამა ჩვენი მშვილდოსნების და ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძის გამოსვლებს დაემთხვა. არჩევანი ძიუდოზე შევაჩერე, მაგრამ... თუმცა ალბათ ბევრიც არ დამიკარგავს. წარმატებას ვერც იმ ორ სახეობაში მივაღწიეთ.

საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები გუნდურ პირველობას პლეი ოფის პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა. ხათუნა ნარიმანიძის, ქრისტინე ესებუასა და იულია ლობჟანიძის ტრიო მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდა და სამივე სეტი წააგო: 50:54, 52:58, 55:57.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ფინალის საგზური ვერ მოიპოვა. ქართული ოლიმპიური გუნდის ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა საკვალიფიკაციო ეტაპზე სალუქვაძემ 377 ქულა დააგროვა და 34-ე ადგილი დაიკავა.

ოთხი სერიიდან ყველაზე უკეთ სალუქვაძემ პირველში ისროლა - 96 ქულა მოიპოვა. მეორე და მესამე სერიებში 93-93 ქულას დასჯერდა. ბოლო - მეოთხე ცდაზე კი მიზანი ოდნავ გაასწორა - 95 ქულა.

"კარიოკა არენიდან” იმავე კომპლექსში მდებარე დახურულ საცურაო აუზში გადავინაცვლე, სადაც 100-მეტრიან დისტანციაზე ბრასით ცურვაში თეონა ბოსტაშვილის გამოსვლას დავესწარი. 18 წლის ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში, 4-მონაწილიან ჯგუფში მესამე შედეგი აჩვენა.

წარუმატებელი დღე ქართველთათვის კიდევ ერთი მარცხით დასრულდა, ოღონდ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენებურის გამოსვლით იმედგაცრუებულები არ დავრჩენილვართ. ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირზე მე-11 ნომრად განთესილ ურუგვაელ პედრო კუევასს არაფერი დაუთმო. პირველი სეტის წაგების (3:6) შემდეგ, მეორეში 3:5-დან საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა. იქ კი 10:8 იმარჯვა და გადამწყვეტი სეტის წინ მსოფლიო რეიტინგის პირველი ოცეულის მოთამაშე გვარიანად აანერვიულა, მაგრამ თამაშის ბედი კუევასის გამოცდილებამ და უკეთესმა ფიზმომზადებამ - 3:6.

ბასილაშვილის კარგი თამაში ალბათ მნიშვნელოვანწილად ტრიბუნების დამსახურებაც იყო. ქართველმა გულშემატკივრებმა, რომელთა შორისაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და საქართველოს ელჩი ბრაზილიაში ოთარ ბერძენიშვილიც იყვნენ, პირველიდან ბოლო გათამაშებამდე აქტიურად უქომაგეს ნიკოლოზს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი იგი კორტიდან ოვაციით გააცილეს.

8 აგვისტოს საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებში მხოლოდ ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ჩაებმება, რომელიც ტატამზე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის რანგში გავა, ოღონდ 4 წლის წინ, ლონდონში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავიდა. ახლა კი ერთი წონით მაღლა – 73 კილოგრამში იბრძოლებს წარმატების მისაღწევად. შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთვება. მისი პირველი მეტოქის ვინაობა კუბელი მაგდიელ ესტრადასა და ჩეხი იარომირ ჟეზეკის შეხვედრაში გაირკვევა.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.115564