ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს უმთავრესი მეტოქეა, უნგრეთთან მე-2 საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და არცთუ იოლი გამარჯვება იზეიმა 77:70 (15:10, 20:26, 21:15, 21:19).
აღსანიშნავია, რომ უნგრელებმა, რომელთაც ესპანურ „ლაბორალ კუჩაში“ თორნიკე შენგელიას ყოფილი თანაგუნდელი აწ კი “ბარსელონაში” გადასული ადამ ჰანგა ლიდერობდა, პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც, თუმცა, ბოლოსკენ უფრო გამოცდილმა ჩერნოგორიელებმა იმარჯვეს.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო გერმანული „ვიურცბურგის“ უკანახაზელი ვლადიმირ მიჰაილოვიცი იყო, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო. ჯორჯიის კოლეჯის გუნდში მოთამაშე ფორვარდმა ნემანია დურიშიჩმა თავი 12 ქულით გამოიჩინა.
ჩერნოგორიის ნაკრები სერბულ ზლატიბორში შეკრებაზე 17 აგვისტომდე დარჩება და კიდევ სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: დღეს – ისევ უნგრეთთან, ხოლო 10 და 13 აგვისტოს – შვეიცარიასთან.
შემდეგ ჩერნოგორიელები მაკედონიაში გაემგზავრებიან და 17-19 აგვისტოს სკოპიეს ტურნირში ითამაშებენ, სადაც მასპინძელთა გარდა, მეტოქეებად ბოსნია-ჰერცეგოვინა და ბელგია ეყოლებათ.
ჩერნოგორიის ეროვნულ გუნდს საკვალიფიკაციო მატჩების წინ, ბოლო გამოცდა 27 აგვისტოს ელის. ტანიევიჩის შეგირდები სლოვენიაში ჩავლენ და იქაურ ნაკრებს გაეჯიბრებიან, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი წვრთნის.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევ ჯგუფში, ჩერნოგორიის და საქართველოს ნაკრებთა გარდა, სლოვაკეთი და ალბანეთი ითამაშებენ.
ჩერნოგორიელები F ჯგუფის თამაშებს 31 აგვისტოს გახსნიან, როდესაც პოდგორიცაში სლოვაკებს დაუხვდებიან, 7 აგვისტოს ტანიევიჩის შეგირდები თბილისს ესტუმრებიან, 17-ში კი, საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნით ტურში, ჩერნოგორია ქართველებს საზღვაო კურორტ ბარში მიიღებს.
ჩერნოგორია – უნგრეთი 77:70 (15:10, 20:26, 21:15, 21:15)
ჩერნოგორია: მიჰაილოვიჩი (17), დურიშიჩი (12), დაშიჩი (10 ქ. 7 მ.), ვუჩევიჩი (10), ნიკოლიჩი (6), ივანოვიჩი (6), სუად სეჰოვიჩი (4), ნიდამი (3), მარაში (3), ვრანიეში (3), პავლიჩევიჩი (2), რადონჩიჩი (1).