ფეხბურთი

10:35 | 7.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოცდამერვედ: დაძაბულობა და რისკის ფაქტორი   

7 აგვისტოც დადგა, დღეს უმაღლესი ლიგა იწყება. წინასწარ ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომელი გუნდი რას შემოგვთავაზებს, ვის რამდენად ექნება პროგრესი, ან რეგრესი, მაგრამ ცხადი ერთია – დაძაბულობა იქნება.

მხოლოდ 12 მატჩი - ორ-სამჯერ ფეხის დაცდენა და კარგად იყავი, შესაძლოა, ვერც გამოასწორო და ლიდერთა ჯგუფში ვეღარ შეხვიდე. თითოეულ ქულას ფასი აქვს როგორც სატურნირო თვალსაზრისით, ასევე ფინანსურადაც.

აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ წელიწადნახევარში ორი სეზონი მოვილიეთ. 1991 წელს მარტში დაიწყო მოკლე ჩემპიონატი, ივნისის ბოლოს დასრულდა და აგვისტოში დაიწყო ახალი, რომელიც 1992 წლის ივნისში დასრულდა. ვისაც არ ახსოვს, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ გაზაფხული-შემოდგომიდან, შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადავსულიყავით. ახლა პირიქით მოხდება.

ფავორიტი, რა თქმა უნდა, თბილისის “დინამოა”, თუმცა ჩემპიონობა რომ მოიპოვოს, ჯერ ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დაიკავოს, მერე კი ფინალიც უნდა მოიგოს. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს – მოულოდნელობის ალბათობა დიდია.

გია ცეცაძის გაწვრთნილი “სამტრედიაც” უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. მართალია, ევროტუნირებზე ვერც სამტრედიელებმა ივარგეს, მაგრამ მისმა მეტოქე “გაბალამ” შემდეგ უნგრული მტკ და ფრანგული “ლილაც” რომ გამოთიშა, არ დაგვავიწყდეს. თანაც, ცეცაძის გუნდმა შემადგენლობა შეინარჩუნა და შეთამაშების პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს.

საინტერესოა ახალი “ტორპედო” ახალი პრეზიდენტით, ბიზნესმენი ზაზა ჩაჩავათი და მთავარი მწვრთნელით, გამოცდილი კობა ჟორჟიკაშვილით. გორის “დილას” დავალიანება აღარ აქვს, მაგრამ მაინც ვერ ჰყავს ისეთი შემადგენლობა, როგორითაც ადრე იწონებდა თავს. ბოლნისის “სიონს” კარგი სეზონი ჰქონდა და ალბათ, მაღალი ადგილებისთვის კიდევ იბრძოლებს. საჩხერის “ჩიხურა” – შერცხვა ევროტურნირებზე, თუმცა სავარაუდოდ, უმაღლეს ლიგაში კვლავაც ცხრილის ზედა ნაწილში იტრიალებს. ალბათ, ბათუმის “დინამოც” შეეცდება, 2015-2016 წლების სეზონის დარი მოულოდნელობა გამოაცხოს, როცა მეორე ადგილზე გავიდა.

შედარებით გაიზარდა და გამოცდილება მიიღო “საბურთალომ”. წესით, გუნდს უკეთესი შედეგი უნდა ჰქონდეს, ვიდრე წინა სეზონში ჰქონდა. გუნდშია გიორგი ხარაიშვილი, სხვა ახალგაზრდებიც არ დაეწუნებათ და ჩამოსული ესპანელი ფეხბურთელებიც ურიგონი არ ჩანან.

თბილისის “ლოკომოტივს” გიორგი კუხიანიძე, ირაკლი კლიმიაშვილი და ლუკა ზარანდია შეემატნენ. სამივე მათგანი ძალაა ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე. “ლოკო” ძლივს გადაურჩა გავარდნას და ამჯერად როგორ იქნება მათი საქმე, თამაშები გამოაჩენს.

ვინ იცის, ქობულეთის “შუქურამ”, ფოთის “კოლხეთმა”, ლანჩხუთის “გურიამ”, “ცხინვალმა” და “ზუგდიდმაც” შემოგვთავაზონ სიურპრიზები. მოკლე ჩემპიონატია, რას გაიგებ?! კახა კაჭარავას “ცხინვალს” დაუსუსტდა შემადგენლობა, თუმცა ეს გუნდი ადრეც აღმოჩენილა დაახლოებით მსგავს სიტუაციაში და მაინც ცხრილის პირველ ნახევარში ყოფილა.

უმაღლეს ლიგას ახალი ბომბარდირი ეყოლება – გიორგი ქვილითაია ხომ თბილისის ‘დინამოდან” ვენის “რაპიდში” გაიყიდა. ამიტომაც ნურავინ ჩაიქნევს ხელს და ნურავინ იტყვის, რომ საქართველოს ჩემპიონატში გოლების გატანა არაფერს ნიშნავს. ქვილითაიამ დაამტკიცა, რომ ნიშნავს...

შეგახსენებთ ფორმატს: 12 ტურის შემდეგ, ჯგუფების გამარჯვებულები ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს, გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს მოიპოვებს, დამარცხებული კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე გავა. მათ გარდა, ფლეი ოფში ითამაშებენ ჯგუფების მეორე და მესამე ადგილოსნები, რათა ევროპა ლიგის საგზურის მფლობელი კლუბი გაარკვიონ. ანუ, პირველ ოთხეულში ყველა ადგილი გათამაშდება. შესაძლოა, მეოთხეადგილოსანიც გავიდეს ევროპაზე, თუკი საქართველოს თასს ჩემპიონი მოიპოვებს. ჯგუფების ბოლოადგილოსნები უმაღლეს ლიგას დატოვებენ, მეხუთე და მეექვსე ადგილოსნები კი ადგილის შესანარჩუნებლად ფლეი ოფში ითამაშებენ. ჯამში, ორი გუნდი პირდაპირ გავარდება, ორიც ფლეი ოფიდან, ანუ სულ ოთხნი გავარდებიან.

თეთრი ჯგუფი: დინამო თბ, ტორპედო, ჩიხურა, ლოკომოტივი, გურია, შუქურა, ცხინვალი

წითელი ჯგუფი: სამტრედია, დილა, დინამო ბთ, სიონი, საბურთალო, კოლხეთი, ზუგდიდი

0.111943