ოლიმპიური თამაშებზე პირველი მედლები გათამაშდა. მათ შორის ორი კომპლექტი ძიუდოში – ქალთა და მამაკაცთა უმსუბუქეს წონით კატეგორიებში. საქართველოს ნაკრები კი ბრაზილიურ ტატამზე დღეს ერთადერთი ძიუდოისტით – ამირან პაპინაშვილით გავიდა და მას 31-ე ოლიმპიადის პირველ ქართულ წარმატებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
მთავარი პრეს-ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე "კარიოკა არენაზე” შეღწევა წარმოუდგენლად ძნელი აღმოჩნდა. ოლიმპიური ობიექტების რუქის მიხედვით, ერთი შეხედვით მარტივად მისაგნები ობიექტის შესასვლელი კარის უშედეგოდ მცდელობის შემდეგ, დახმარება სპეციალურად ამ საქმისთვის შექმნილ ჯგუფში ვითხოვე. მათაც ძალიან მშვიდად და დამაჯერებლად დამაკვალიანეს, მაგრამ თურმე თავადაც არ იცოდნენ. პირველი დღეა და შევცდით. ახლა უკვე აღარ შეგვეშლებაო - მითხრეს საღამოს, უკან დაბრუნებისას.
მხოლოდ მეორე ოლიმპიადას ვესწრები, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვოლონტიორების მიერ გაწეული სამუშაოს მარგი ქმედების კოეფიციენტით და ზოგადად, ორგანიზებულობის ხარისხით რიო 2016 მინიმუმ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ბოლო ადგილზეა. თითქმის არ არსებობს საკითხი, რომლის დასაზუსტებლადაც დამხმარე ადამიანებს მიმართავ და მათგან ზედმიწევნით ზუსტ პასუხს მიიღებ. ხშირ შემთხვევაში კი უარის თქმას არასწორად დახმარებას ამჯობინებენ ხოლმე და ამის გამო, ძიუდოს დარბაზის ტრიბუნაზე მოსახვედრად ხუთი წუთის ნაცვლად საათნახევარზე მეტი დამჭირდა. მხოლოდ იმიტომ, რომ "კარიოკა არენას” მეორე შენობა ხან ველოსპორტის დარბაზში აერიათ, ხან საცურაო აუზში და ხანაც ვოლონტიორების სასადილოში.
შედეგად, პაპინაშვილის პირველ შეხვედრას ვერ მივუსწარი და მხოლოდ ოქმიდან გავიგე, რომ ჩვენებურმა კანადელ სერჯიო პესოას ვაზარით და იუკოთი მოუგო. მწერალი ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი ადგილებიც გადაჭედილი დამხვდა და დილის პროგრამის დანარჩენ ბრძოლებს გულშემატკივრების ტრიბუნიდან ვუყურე, საქართველოს ნაკრების სხვა ძიუდოისტებთან და დელეგაციის წევრებთან ერთად. შესვენებაზე კი რამდენიმე ქართველმა ჟურნალისტმა გადავწყვიტეთ, თავისუფალი დრო ამავე კომპლექსში გაერთიანებულ ჩოგბურთის კორტებზე მისასვლელად გამოგვეყენებინა. ისევ იგივე პრობლემა, პლუს რუქაზე დატანილი გზების არარსებობა და ერთ საათში ისევ კარაოკა არენას მივაშურეთ, რადგან კორტების კარის მისაგნებად ძიუდოს შესვენება საკმარისი არ აღმოჩნდა. მოგვიანებით, ერთ-ერთი კოლეგისგან კიდევ უფრო კურიოზული ამბავი შევიტყვე – გახსნის ცერემონიალზე გამგზავრებისას, მისი ავტობუსის მძღოლმა "მარაკანას” სტადიონი ვერ მიაგნო და ბევრი წვალების შემდეგ ჟურნალისტები სტადიონიდან მოშორებით ჩამოსვა.
დღის მთავარ ამბავს მივუბრუნდები. ამირან პაპინაშვილი საწყის ორ შეხვედრას რომ მოიგებდა და მეოთხედფინალში ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს – მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონს იაპონელ ნაოჰიშა ტაკატოს რომ დაუპირისპირდებოდა, ჯერ კიდევ წილისყრის ჩატარებისთანავე ადვილი მისახვედრი იყო. მართლაც, პესოას ძლევის შემდეგ, ამირანმა ბულგარელ იანისლავ გერჩევსაც აჯობა და ქართულ-იაპონური გზებიც გადაიკვეთა.
აქამდე ამირან პაპინაშვილს ტაკატოსთან ორი შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული და ორივე წაგებული. დღეს კი ნავსი დაბლაჭიდიდან შესრულებული იპონით გატეხა.
ერთი მოგებაც, და მინიმუმ ვერცხლის მედალს ინაღდებდა, მაგრამ შესვენების შემდეგ კიდევ ერთ უხერხულ მეტოქეს – რუსეთის ნაკრების წევრ ბესლან მუდრანოვს უნდა დასჭიდებოდა. ევროპის 3-გზის ჩემპიონთან აქამდე ჩატარებული შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული – ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ფინალში.
"მთავარია პირველ წუთებში არ შეეკრას, დისტანციიდან ეჭიდავოს. თან მუდრანოვი მაქსიმალურად წნეხში ჰყავდეს, დაღალოს და შეხვედრის ბოლოს გამძლეობის ხარჯზე დაჩაგროსო” – მითხრა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.
ქევხიშვილის ტაქტიკური მოსაზრება ამირანმა მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა – სამი წუთის განმავლობაში მეტოქეს შეკვრიდან საფირმო გდების გაკეთების საშუალება არ მისცა, მაგრამ ვერც დაღალა, რადგან შიდოთი ჩამორჩენის მიუხედავად, აქტიურობით ვერაფრით აჯობა. მეოთხე წუთის დასაწყისში კი მუდრანოვმა ისარგებლა ამირანის წამიერი მოდუნებით და ეფექტური სუფთა გდებით ფინალის საგზური მოიპოვა.
მოგვიანებით რუსეთის ნაკრების წევრი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. იქამდე კი პაპინაშვილმა რეპეშაჟის ფინალი იუკოთი წააგო უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან და მე-5 ადგილს დასჯერდა. ფინალური ბლოკის შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები ლამის სრული შემადგენლობით დაესწრნენ.
მედლის დაკარგვით იმედგაცრუებულმა დავით ქევხიშვილმა ტრიბუნები პაპინაშვილის ბრძოლის დასრულებისთანავე დატოვა.
დღევანდელი დღით კიდევ უფრო მეტად იმედგაცრუებულები ბრაზილიელი ქომაგები დარჩნენ. ტრიბუნები დილიდანვე გადაიჭედა, რადგან ტატამზე სარა მენეზეში (48 კგ) უნდა გასულიყო. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ამჯერად ძირითად ბადეში მხოლოდ მეოთხედფინალამდე მივიდა. ვერც რეპეშაჟში იყოჩაღა და საპრიზო სამეულს ვერ შეწვდა.
ქალთა უმსუბუქეს წონაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე არგენტინელი პაულა პარეტო ავიდა, ფინალში სამხრეთკორეელი ბოკიეონგ იეონგის ძლევით.
დღესვე, ოლიმპიადაზე დებიუტი ჰქონდა ტყვიის მსროლელ ცოტნე მაჭავარიანს, რომელმაც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 574 ქულა დააგროვა და ?? მონაწილეს შორის 29-ე ადგილზე დაიკავა, რაც ფინალის საგზურის გასანაღდებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. კვალიფიკაციის გადასალახად მაჭავარიანს 6 ქულა დააკლდა.
ხვალ, ქართველ ქომაგებს დღევანდელზე უფრო საინტერესო და დატვირთული დღე ელით. ძიუდოში მედლისთვის ბრძოლაში ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ჩაებმება. მშვილდოსნები ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე გუნდური პირველობის საწყის წრეში მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ამ დისციპლინაში მედლები ხვალვე უნდა გათამაშდეს. ასევე დაიწყება და დასრულდება პნევმატური პისტოლეტიდან სროლა ქალთა შორის და საქმეში ოლიმპიური დელეგაციის რეკორდსმენი, მერვე თამაშების მონაწილე ნინო სალუქვაძეც ჩაებმება. ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი წრის შეხვედრას ჩაატარებს ურუგვაელ ფერნანდო კუევასთან, ხოლო მოცურავე თეონა ბოსტაშვილი 100-მეტრიან დისტანცია ბრასით გაცურავს.
ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში