საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მსუბუქწონოსანმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე სამი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. პირველ წრეში კანადელ სერჯიო პესოას დაეჭიდა და საკმაოდ ადვილად აჯობა – თითო ვაზარი და იუკო აუღო, ამასთან ორი შიდოც მიაღებინა. მეორე შეხვედრაში ბულგარელი იანისლავ გერჩევი მეორე წუთის მიწურულს დაამარცხა. მეოთხედფინალში კი ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონ იაპონელს იოჰიშა ტაკატოს ასევე იპონით სძლია.
ნახევარფინალში პაპინაშვილის მეტოქე რუსეთის ნაკრების წევრი, ევროპის 3-გზის ჩემპიონი (2012, 2014, 2015) ბესლან მუდრანოვი იქნება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი ყაზახი იელდოს სმეტოვი და აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი იბრძოლებენ.
საღამოს ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში