“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამბობს, რომ გუნდში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს ბასტიან შვაინშტაიგერთან დაკავშირებით, რომელიც მან ცოტა ხნის წინ დუბლშემადგენლობაში გადაიყვანა, რის გამოც გულშემატკივართა კრიტიკა დაიმსახურა.
“ასე ხდება ყველა კლუბში, მწვრთნელი თავად აკომპლექტებს შემადგენლობას იმ ფეხბურთელებით, ვისაც საჭიროდ მიიჩნევს. პირადად მე მირჩევნა მინდვრის 20 მოთამაშესთან და ორ მეკარესთან ვიმუშაო, თუმცა ჩვენი დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით, შემადგენლობაში მინდვრის 23 მოთამაშე და 3 მეკარე გვეყოლება. მე ვალდებული ვარ გადაწყვეტილებები დროულად მივიღო” - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მანჩესტერელთა თავკაცმა.
როგორც ცნობილია, შვაინშტაიგერი დუბლშემადგენლობაში გადაყვანისთანავე შეუდგა ახალი კლუბის ძიებას და ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა კარიერა ტურინის “იუვენტუსში” განაგრძოს. იტალიური გამოცმების ცნობით, ტურინელები გერმანელი ნახევარმცველის დამატებაზე ფიქრობენ და ამ ტრანსფერის ალბათობა უფრო რეალური გახდება, თუკი “ბებერი ქალბატონიდან” მანჩესტერში გადაბარგდება პოლ პოგბა, რაზეც დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი. ამ შემთხვევაში კლუბები შვაინშტაიგერს გარიგების ნაწილად გამოიყენებენ.