ჯენსონ ბატონი მსოფლიოს ჩემპიონია, მაგრამ „მაკლარენში“ ყოფნისას, არასდროს მოიაზრებოდა პირველ ნომრად. ჯერ ლუის ჰამილტონის გვერდით იყო მეორე, თუმცა მსოფლიოს მომავალ სამგზის ჩემპიონს არაფერს უთმობდა. ახლა კი უოკინგელებს პირველ ნომრად ფერნანდო ალონსო ჰყავთ, თუმცა ბატონი არც მის გვერდით „დაკარგულა“.
„მაკლარენში“ რომ გადავიდა თქვა, რომ ეს მისთვის ფ1-ის ბოლო გუნდია და აქედან წასვლა, ფ1-დან წასვლა იქნება. მაგრამ შესაძლოა ასე არ მოხდეს - პადოკში უკვე დიდი ხანია დადის ხმა იმის შესახებ, რომ ბატონის გადაყვან „უილიამსს“ სურს. გავრცელებული ინფორმაციით, გროველებსა და ბატონს შორის მოლაპარაკება ახალი დაწყებულია, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად წარმატებით დასრულდება.
„უილიამსს“ ბატონის გარდა, სერხიო პერესის გადაბირებაც სურს, თუმცა როგორც ჩანს მექსიკელზე დიდი კონკურენცია იქნება და ისიც იმ გუნდზე გააკეთებს არჩევანს, რომელსაც ყველაზე უკეთესი პოტენციალი გააჩნია. ამ მხრივ კი ამჟამად ყველაზე სასურველი ალბათ „რენოა“, რომელიც „მაკლარენ-ჰონდას“ მსგავსად, ფ1-ში დაბრუნების შემდეგ აუტსაიდერია, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება. და შესაძლოა ახალი ტექნიკური რეგლამენტის მეშვეობით, ფრანგულმა გუნდმა სწრაფი განვითარება მოახერხოს.
საინტერესოა, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, რაც ფ1-ში ასპარეზობს, პერესის მონაგარში მხოლოდ შვიდი კვარცხლბეკია, თუმცა მის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პერესს ჰყავს ფინანსური მხარდამჭერი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, კარლოს სლიმის სახით.
რაც შეეხება ბატონს, ჩემპიონის ტიტული, რომელიც 2009 წელს, როს ბრაუნის გუნდთან ერთად მოიპოვა, მის შესაძლებლობებზე მეტყველებს. თუმცა ამაში ეჭვი მანამდეც არავის ეპარებოდა. მან თავისი ფ1-ის კარიერა სწორედ „უილიამსში“ დაიწყო. ის ახლა 36 წლისაა და ერთ-ერთი ყველაზე ხნიერია მოქმედ პილოტებს შორის.
„უილიამსი“ კი ფ1-ში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტიტულოვანი გუნდია. მის გამარჯვებათა გალერეაში პილოტების შვიდი და კონსტრუქტორთა ცხრა ტიტულია. მაგრამ ეს 1980-90-იან წლებში ხდებოდა, ახალ საუკუნში კი გუნდმა პოზიციები დათმო. ბოლო ორ სეზონში, „მერსედესის“ ძრავის დახმარებით, „უილიამსი“ მოწინვეთა შორის დაბრუნდა და ორჯერ კონსტრუქტორებში მესამე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილი ის არაა, რითაც ფრენკ უილიამსი დაკმაყოფილდება, თუმცა „მაკლარენ-ჰონდას“ პრობლემებზე უკეთესი მაინცაა...







