სხვა

23:42 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადაში ქართველთაგან პირველი მშვილდოსნები ჩაებნენ

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ქართული დელეგაციიდან პირველები ქართველი ქალი მშვილდოსნები ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე ჩაერთვნენ.

დღეს არენა “სამბოდრომზე” საკვალიფიკაციო გასროლები შედგა და სპორტსმენებმა იმ მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს, რომელთაც უკვე საპლეიოფო ეტაპზე დაუპირისპირდებიან.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ნარიმანიძეს ჰქონდა, რომელიც 625 ქულით 34-ე ადგილზე გავიდა, ესებუა 612 ქულით 45-ე იყო, ხოლო ლობჟანიძემ 594 ქულით 57-ე შედეგი აჩვენა.

შედეგად, პლეი-ოფში ნარიმანიძე უკრაინელ ლიდია სიჩენიკოვას (31-ე) გაეჯიბრება, ესებუა – ინდოელ დეეპიკა კუმარის (მე-20), ხოლო ლობჟანიძე – მექსიკელ ალეხანდრა ვალენსიას (მე-8).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ბოლო გამსვლელი ადგილით მოხვდა გუნდურ შეჯიბრში. ქართულ სამეულს ჯამური 1831 ქულა მოაუგროვა და პლეი-ოფში მე-12 შედეგით შევიდა.

ტურნირის ფორმატის თანახმად, 4 საუკეთესო ნაკრები (სამხრეთ კორეა, რუსეთი, ჩინეთი და ტაივანი) მეოთხედფინალში პირდაპირ მოხვდა, დანარჩენი 8 გუნდი კი პირველ წრეში იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების მეტოქე მექსიკა (მე-5) იქნება, ამ წყვილს შორის გამარჯვებულს კი მეოთხედფინალში ტაივანი ელის.

პირად შეჯიბრში მოწინავე პოზიციებზე ასევე სამხრეთკორეელები იმყოფებიან. პირველი სამეული სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა დააკომპლექტეს: ჩოი მი-სუნი (669 ქულა), ჩანგ ჰიე-ჯინი (666), კი ბო-ბაე (663).

ისიც ვთქვათ, რომ ნარიმანიძე პლეი-ოფში 9 აგვისტოს ჩაებმება, ხოლო ლობჟანიძე და ესებუა ძალებს 10-ში მოსინჯავენ. აი, გუნდურ შეჯიბრში კი საქართველო მექსიკას 7 აგვისტოს დაუპირისპირდება.

0.128266