31-ე ოლიმპიური თამაშების გახსნამდე 1 დღით ადრე, რიოს ოლიმპიურ სოფელს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა.
ემოციური და უშუალო გამოდგა პრეზიდენტისა და ქართველ ოლიმპიელთა შეხვედრა, რომელიც ჩვენი დელეგაციის ოფისში გაიმართა. თავდაპირველად საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა, სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ქვეყნის პირველ პირს წარუდგინა ჩვენი სპორტსმენები, მწვრთნელები, ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები, ასევე მიაწოდა ინფორმაცია წინასაოლიმპიადო სამზადისის შესახებ.
პრეზიდენტი მარგველაშვილი შეკრებილებს გულითადად მიესალმა, ოლიმპიური თამაშების განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ჩვენს ოლიმპიელებს წარმატებული სტარტი უსურვა: „რიოში, ოლიმპიურ სოფელში უკვე აღიმართა საქართველოს დროშა, რაც თითოეული ქართველის გულს ახარებს. მე თქვენში ვხედავ ძალიან შემართებულ განწყობას. დარწმუნებული ვარ, რომ აქ ოლიმპიადის დღეებში არაერთხელ აიწევა ჩვენი დროშა.
მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ იმყოფება – სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ექიმებს, საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს, ჟურნალისტებს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეხედავს ჩვენი ოლლიმპიელების გამოსვლას და მათთან ერთად იმღერებს საქართველოს ჰიმნს”.
სპორტსმენების სახელით პრეზიდენტს მიმართეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ, ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ და ჩვენი დელეგაციის მედროშემ, ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს ელგუჯა ბერიშვილმა პრეზიდენტს საჩუქრად გადასცა ქართველი ოლიმპიელების ავტოგრაფებით დამშვენებული ქართული დელეგაციის საპრეზენტაციო წიგნი.
დღეს, გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრება, ხვალ კი ტყვიის მსროლელთა და ძიუდოისტთა შეჯიბრებების მონახულებას გეგმავს.
ისიც ვთქვათ, რომ ოლიმპიურ ტურნირში ქართველთაგან პირველნი ჩვენი მშვილდოსანი ქალები ჩაებმებიან. მათ 5 აგვისტოს, ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიალის დაწყებამდე, სარეიტინგო რაუნდი ელით.
www.geonoc.org.ge