სხვა

3:01 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დღე მეორე: პრეზიდენტის სტუმრობა, მოულოდნელი ცვლილება და სტარტის მოლოდინი

რიო 2016-ის ოფიციალურ გახსნის ცერემონიალამდე ერთი დღით ადრე ოლიმპიურ სოფელს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტუმრა და ქართული დელეგაციის წევრებს ესაუბრა. შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი მათთან ერთად ისადილა.

ოლიმპიურ სოფელში მდებარე 31 საცხოვრებელი კორპუსიდან ერთ-ერთში, რომელშიც ქართველთა გარდა ჩეხები, სლოვაკები, ალბანელები, კოსოვოელები და ლტოლვილ სპორტსმენთა ოლიმპიური გუნდი ცხოვრობენ, პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში გამართულ მინი-პრესკონფერენციაზე მარგველაშვილმა სპორტსმენებს ქომაგების არაერთგზის გახარება უსურვა. დამხვდურთაგან პრეზიდენტს დაფასებისთვის მადლობა საქართველოს ეროვნული კომიტეტის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა გადაუხადეს. ასევე მოიქცნენ მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა და ძიუდოისტი, საქართველოს მედროშე ავთანდილ ჭრიკიშვილი. ტყვიის მსროლელმა და სეოკ-ის ვიცეპრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ კი პრეზიდენტს და მის მეუღლეს ოლიმპიური გუნდის ფორმების გამო ატეხილი ამბების შემდეგ თანადგომის გამო გადაუხადა მადლობა.

სასადილოსკენ მიმავალ გზაზე ქართულ ჯგუფს საგრძნობლად ჩამოვრჩი და სრულიად შემთხვევით, სულ სხვა ჯგუფში აღმოვჩნდი. მთავარი სტუმარი იქაც პრეზიდენტი იყო – საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ორი ქვეყნის პირველი პირი იქამდე სრულიად შემთხვევით ერთმანეთსაც შეხვედრია.

გიორგი მარგველაშვილი ბრაზილიაში კიდევ ორი დღე დარჩება და წინასწარი ინფორმაციით, გახსნის ოფიციალური ცერემონიალსა და რამდენიმე ქართველი სპორტსმენის გამოსვლას დაესწრება. 5 აგვისტოს მშვილდოსნები ხათუნა ნარინამიძე, ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე მიიღებენ მონაწილეობას საკვალიფიკაციო ეტაპში. 6-ში კი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი ჩაებმებიან საქმეში.

პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაციის წევრებთან დავრჩი. ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმ ზურაბ კახაბრიშვილისგან ზიკას ვირუსის შესახებ ერთხელაც მოვისმინე რჩევა-დარიგება. შემდეგ კი კოღოს საწინააღმდეგო სპრეის დიდი შეკვრით დაგვასაჩუქრა ოლიმპიადაზე აკრედიტებული ჟურნალისტები.

ცხადია, ქართული შტაბის მთავარ მედიკოსს სპორტსმენების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც დავეკითხე.

"ყველა ჯანმრთელადაა და მზადაა ოლიმპიურ კონკურენციაში საბრძოლველად. საბედნიეროდ სერიოზული ტრავმა არც ერთ სპორტსმენს არ აწუხებს. გუნდში მშვენიერი განწყობაა და პირადად ჩემი აზრით, წინ ძალიან წარმატებული ოლიმპიადა გველოდება. ხუთი რეალური ოქროს შანსი გვაქვს. სულ კი ცხრა მედალი უნდა მოვიპოვოთ” – გვითხრა კახაბრიშვილმა.

ოლიმპიურ სოფელში სტუმრობისას საქართველოს სპორტულ დელეგაციაში განხორციელებული ერთი ცვლილების შესახებაც შევიტყვეთ – მოცურავეებმა ირაკლი ბოლქვაძე ირაკლი რევიშვილით ჩაანაცვლეს.

რამდენიმე საათში ქართულ დელეგაციას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები და ძალოსანთა ნაკრების მეორე ჯგუფი შეუერთდებიან. ყველაზე ბოლოს კი რიო დე ჟანეიროში ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩამოვლენ.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.12006