პარაგვაის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ფრასისკო არსე დაინიშნა. ამის შესახებ პარაგვაის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. ფედერაციის ხელმძღვანელობას ამ თანამდებობაზე რეინალდო რუედას დანიშვნა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მწვრთნელმა ბოლო მომენტში უარი განაცხადა.
“რუედასთან ყველაფერი შეთანხმებული გვქონდა, თუმცა ჩვენთვის გასაკვირად მან ნაკრების გაძღოლა იუარა. ამის შემდეგ პირადად შევხვდი არსეს, რომლის პროფესიონალიზმის და მონდომების შესახებ კარგად ვიცით.. ფრანსისკო სწორედ ის სპეციალისტია, ვინც ჩვენ ახლა გვჭირდება” - ამბობს პარაგვაის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რობერტ ჰარისონი.
არსე ფეხბურთელობისას პარაგვაის ნაკრების ღირსებას 1994-2005 წლებში იცავდა (61 მატჩი, 5 გოლი). მწვრთნელობა 2007 წლიდან დაიწყო და სამშობლოში “რუბიოს”, “სერო პორტენოს” და “ოლიმპიას” თავკაცობდა, 2011-2012 წლებში ცოტა ხნით ეროვნულ ნაკრებშიც მოუწია მუშაობა, ბოლოს კი “გუარანის” მთავარი მწვრთნელი იყო. 45 წლის სპეციალისტმა პარაგვაის ნაკრების სათავეში არგენტინელი რამონ დიასი შეცვალა.