სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:43 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

აღმასკომმა ჩემპიონატის დებულება, კალენდარი და სფფ-ის სადისციპლინო კოდექსი დაამტკიცა

3 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასრულებელმა კომიტეტმა სფფ-ის სადისციპლინო კოდექსი დაამტკიცა.

დღესვე, აღმასკომის სხდომაზე 2016 წლის XXVIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგებისა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის XXVII გათამაშების დებულება და კალენდრები დამტკიცდა.

უმაღლეს ლიგაში გარდამავალი სეზონი 7 აგვისტოს დაიწყება, პირველი ლიგა კი, 19 აგვისტოს. რაც შეეხება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას, ის 15 აგვისტოს აიღებს სტარტს.

აღმასკომმა მეორე ლიგის ფორმატიც დაამტკიცა. გათამაშებაში მონაწილეობას 67 გუნდი მიიღებს და ისინი ტერიტორიული პრინციპით 8 ქვეჯგუფში გადანაწილდებიან. რვავე ქვეჯგუფის გამარჯვებული პირდაპირი გზით მოიპოვებს ეროვნულ ლიგა 1-ის საგზურს. რაც შეეხება ჯგუფში მეორიდან მეექვსე ადგილამდე გუნდებს, აღნიშნული 40 გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს.

ასევე დამტკიცდა ასაკობრივი ჩემპიონატების ფორმატიც: 19-წლამდე ლიგა, სადაც 16 გუნდი იასპარეზებს, ორ ჯგუფად დაიყოფა - დასავლეთ და აღმოსავლეთ ჯგუფებად. პირველ და მეოორე ადგილზე გასული გუნდები ჯვარედინად შეხვდებიან ერთმანეთს ნახევარფინალსა და ფინალში.

რაც შეეხება 17-წლამდე და 15-წლამდე ლიგებს, აქ 21 მონაწილეა, რომლებიც 3 ჯგუფად დაიყოფიან. თითოეულ ქვეჯგუფში 7 გუნდი იასპარეზებს,. ქვეჯგუფის პირველი და მეორე ადგილოსანი ავტომატურად მოიპოვებს მეოთხედფინალის საგზურს, ხოლო ამ სამი ჯგუფიდან საუკეთესო 2 მესამეადგილოსანი დამატებით მოიპოვებს მეოთხედფინალის საგზურს და შემდეგ პლეიოფში გაირკვევა საბოლოო გამარჯვებულის და პრიზიორების ვინაობა.

აღმასკომმა სუპერთასის საკითხზეც იმსჯელა და გადაწყდა, რომ მომდევნო სუპერთასი 2017 წლის სეზონის დასაწყისში ჩატარდება და ტრადიციულად, საფეხბურთო სეზონს ყოველთვის სუპერთასი გახსნის. სუპერთასში მონაწილეობას მიიღებენ ჩემპიონატის გამარჯვებული და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი. აღმასკომის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუკი ჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი ერთი და იგივე გუნდი აღმოჩნდება, ჩემპიონს მეორეადგილოსანი დაუპირისპირდება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.135869