ფეხბურთი

16:34 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" ესპანელი ფორვარდი სანტი ხარა დაიმატა

25 წლის ესპანელი ფორვარდი სანტი ხარა "საბურთალოში" გადავიდა. ამის შესახებ კლუბის პრესატაშე კახა მგელაძემ გვაცნობა. სანტი ხარა ბოლოს "ალბასეტეში" თამაშობდა და გასულ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა. გოლი არ გაუტანია.

ხარა ალბასეტეში დაიბადა და თავიდან, 18-20 წლის ასაკში ქვედადივიზიონელ "ალმანსაში" გამოდიოდა, საიდანაც გადავიდა "ხიხონი ბ"-ში, იქიდან კი "ხიხონის" ძირითად გუნდში დააწინაურეს - სეგუნდა დივიზიონში თამაშობდა.

ხარამ წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი "საბურთალოსთან", ამის შემდეგ კი მხარეებს შორის შედგება მოლაპარაკება კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე.

"თბილისში გამთენიისას ჩამოვედი, საღამოს პირველად ვივარჯიშებ "საბურთალოს" შემადგენლობაში. ამ დროისთვის რაც მოვასწარი თანაგუნდელების გაცნობა იყო და ისინი ძალიან თბილად დამხვდნენ. მჯერა, ადაპტაციას მალე გავივლი. საქმეს გამიმარტივებს ისიც, რომ დედაქალაქურ კლუბში ორი ჩემი თანამემამულე თამაშობს, მთავარი მწვრთნელიც ესპანელია. იმედი მაქვს, "საბურთალოს" მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავეხმარები", - განაცხადა სანტი ხარამ.

0.137618