ფეხბურთი

19:48 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ ჩელებაძე: “ჯანო პირლოს და ნედვედს მაგონებს”

ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკში” 2007 წელს მოხვდა. ეს დიდწილად მისი ყოფილი აგენტის, ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ამჟამად კი ქობულეთის “შუქურას” პრეზიდენტის, რევაზ ჩელებაძის დამსახურება იყო. სწორედ ამიტომ რუსულმა გამოცემა “სპორტ-ექსპრესმა” ჩელებაძესთან ვრცელი და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

- 2 თამაში, 3 გოლი. ალბათ თქვენთვისაც გასაკვირია ასე კარგად რომ დაიწყო ჯანომ სეზონი...

- ამაში საოცარი არაფერია. გასაკვირი გახლდათ მაშინ, როცა 16 წლის ასაკში “სპარტაკში” მოვიყვანე – აი მაშინ იყო იქ მისით ყველა გაკვირვებული. ახლა ჯანომ საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდა. მწვრთნელი ენდობა და მხარს უჭერს. ის ბავშვობიდან ვუნდერკინდია.

- რითი გამოიჩინა თავი “სპარტაკში” სინჯებზე?

- ჯანო 16 წლის იყო. მაშინ კლუბში სელექციით სმოლენცევი იყო დაკავებული და მას ვთხოვეთ დუბლების თამაშში ერთი ტაიმი დაეთმო, თუმცა მხოლოდ 15 წუთზე დაგვთანხმდა. მოედანზე შეიყვანეს, როცა ანგარიში 1:0 იყო, ორჯერ გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა – მორჩა, თამაში მან გააკეთა. სმოლენცევი მომიახლოვდა და მითხრა: ოღონდ ფასი არ აწიოთ, ყველაფერი შეთანხმებულია. ყველა იცინოდა, როცა მოედანზე პატარა ბიჭი გამოვიდა, მაგრამ მან ყველა დაანგრია! ასე დაიწყო ყველაფერი.

- და კონტრაქტი მაშინვე გაფორმდა?

- დიახ, მეორე დღესვე. იმ თამაშს მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ჩერჩესოვი ესწრებოდა და თქვა, რომ ეს ბიჭი გუნდს სასწრაფოდ უნდა შეეძინა.

- ძვირადღირებული ტრანსფერი გახლდათ “სპარტაკისთვის”?

- ეს არაა საიდუმლო. 300 ათასი დოლარი. ამაში დასამალი რა არის?

- დიდი თანხა არაა...

- როგორ გითხრათ... მათ მითხრეს, ბავშვში ამხელა თანხა არასდროს გადაგვიხდიაო.

- რატომაა არასტაბილური? – 16 წლის იყო, ახლა უკვე 23-ისაა, თუმცა ვერ იტყვი, რომ ლიდერია...

- ყოველთვის ჭკვიანი იყო, მაგრამ ტრავმებმა ხელი შეუშალა. ახლა უკვე ფიზიკურად მოძლიერდა.

- თქვენი აზრით, რა არის ანანიძის მთავარი პლიუსი?

- მოედანს კარგად ხედავს. სწრაფად მუშაობს ბურთით, მკვეთრად, მაგრამ ფიზიკური ძალა არ აძლევს საშუალებას მიიღოს სერიოზული შედეგი.

- არ უყვარს ტრენაჟორები?

- როგორც ჩანს, მაგრამ ახლა უკვე დაიწყო და ეს საქმესაც მაშინვე დაეტყო.

- თქვენ ვაიბერში ფონად პლატინისთან ერთად გადაღებული ფოტო გაქვთ...

- დიახ. 1977 წელს ნაკრებში პლატინის წინააღმდეგ მომიწია თამაში “პარკ დე პრენსზე” 30 წუთი. 1980 წელს კი, მოსკოვში სასტარტო შემადგენლობაში ვიყავი, 1:0 მოვიგეთ. ამას წინათ იგი თბილისში იმყოფებოდა, ის მატჩი გავახსენე და თქვა: მეტერთმეტე ნომერი? – მახსოვს.

- რომელი მეტსახელია ჯანოსთვის შესაფერისი – ქართველი მესი თუ პატარა პირლო?

- უფრო მეტად პირლო. იმიტომ, რომ მესის ვერავის შეადარებ, იგი სხვა პლანეტიდანაა. პირლო მაღალი კლასის ფეხბურთელია. თუ ჯანო ბევრს იმუშავებს, გახდება ვარსკვლავი.

- თვლით, რომ შრომისმოყვარეობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა?

- არა, ის ზარმაცი არაა. შესაძლოა პრობლემა ბუნებრივ ფიზიკურ მონაცემებშია. დახმარება სჭირდება რომ მოძლიერდეს ფიზიკურად. ფაქტურით ის მაგონებს ნედვედს. მაგრამ ფიზიკაში უნდა მოუმატოს. თუ ამას შეძლებს, დიდი ფეხბურთელი გახდება, თუ ვერა, ამ დონეზე დარჩება. ტექნიკურად და გადაწყვეტილებების მიღების უნარით იგი ძალიან ძლიერია და შესაძლოა, ამ მხრივ ნედვედსაც კი აღემატება.

- რატომ იხსენიებდნენ მას ადრე “ჟანოდ” და ახლა გახდა “ჯანო”...

- მისი სახელი რეალურად არის ჯანო. თავდაპირველად რუსეთში მისი გვარი არასწორად დაწერეს და მერე ყველა ასე იხსენიებდა. რამდენიმე წლის მერე მან შეასწორებინა. ეს ხომ იტალიური სახელია, როგორც ჯანი რივერა, ჟანო კი უფრო ფრანგულია... მამამისმა, ამირანმა ვაჟს ეს სახელი მეგობრის პატივსაცემად დაარქვა. ისინი ფეხბურთს ერთად თამაშობდნენ.

- თქვენი აზრით, რომელი პოზიციაა მისთვის უკეთესი?

- მარცხენა გარემარბი, თავდამსხმელების უკან - იქ თამაშობდა ყოველთვის. ეროვნულ ნაკრებში ცხადაძე მას საყრდენადაც ათამაშებდა, მაგრამ ეს მაინც არაა მისი რეალური პოზიცია. მას შეუძლია გატანა, საგოლე პასების გაკეთება და თავდამსხმელებთან ახლოს უნდა იყოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ალენიჩევმა მას მოუძებნა სწორი ადგილი და ვფიქრობ შეძლებს მის გახსნას.

- თქვენ ისევ მისი აგენტი ხართ?

- არა. დროთა განმავლობაში აგენტის ფუნქციას მამამისი ასრულებდა, ღმერთმა აცხონოს მისი სული. მამის გარდაცვალების შემდეგ კი ჯანო თავად აკეთებს ყველაფერს. მე ამჟამად ქობულეთში ვმუშაობ, კლუბის პრეზიდენტი ვარ.

0.10657