ფეხბურთი

0:03 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ“ ამხანაგურ მატჩში “მერანი” დაამარცხა

1 აგვისტოს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილამ“ მორიგ ამხანაგურ მატჩში მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

თამაშმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. პირველი სახიფათო მომენტი გორელებს მე-6 წუთზე ჰქონდათ, როდესაც ნონიკაშვილის გადაცემის შემდეგ წიქარიძე ურტყამდა კარში, მაგრამ მისი დარტყმა მცველებმა აიღეს საკუთარ თავზე.

სტუმრებმა ძალიან მალე მოახერხეს ანგარიშის გახსნა. მე-10 წუთზე მარტვილელმა ფეხბურთელმა შორიდან კარგად დაარტყა, თან ისე, რომ „დილას“ მეკარე გიორგი ბეგაშვილი დარტყმის მომენტს ვერ ხედავდა და ანგარიში გაიხსნა – 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები შეტევაზე გადავიდნენ, თუმცა ტემპი დაბალი იყო და ბოლო მომენტში ცოდავდნენ. მე-17 წუთზე კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე კვახაძემ იაქტიურა და ფეხით კარგადაც დაარტყა, მაგრამ მეკარეს სწორი პოზიცია ეკავა და მისი მოგერიება შეძლო.

29-ე წუთზე გორელებმა კვლავ სტანდარტული სიტუაციიდან შეძლეს მომენტის შექმნა. ამჯერად ერისთავის ჩაწოდებულზე გამცემლიძე თავით ახლო მანძილიდან ურტყამდა და მეტოქე გადარჩა გაშვებულ გოლს. მისი დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

მეორე ნახევარიც პირველის ანალოგიურად წარიმართა, თუმცა “დილამ“ თამაშის ხარისხის გაუმჯობესება შეძლო და საბოლოოდ მატჩის ბედი შეცვალა. 75-ე წუთზე წიქარიძის საჯარიმო დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი შეცვლაზე შესულმა ებრაელმა ფეხბურთელმა მიზრახმა დაასწრო ყველას და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

საბოლოო წერტილი ბოლო წუთზე ირაკლი მოდებაძემ დასვა, რომელმაც ერისთავის აქტიურობის შემდეგ ბურთი საჯარიმოში მიიღო და ახლო მანძილიდან მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 2:1.

“დილა” – “მერანი” 2:1 (0:1)

„დილა“: ბეგაშვილი, სალუქვაძე, სამხარაძე, ღონღაძე, კვახაძე (კაპ.), გამცემლიძე, რაზმაძე, ნონიკაშვილი, წიქარიძე, ერისთავი, მოდებაძე.

„მერანი“: მამალძე, ციმაკურიძე, გიორგაძე, ორბელაძე, გეგია, ტეიდი, ლომაშვილი, მელიავა, გეწაძე, ჩუბითიძე, საბანაძე.

მორიგ ამხანაგურ მატჩებს გორის „დილა“ 6 და 7 აგვისტოს თბილისის „ლოკომოტივთან“ და „ვიტ-ჯორჯიასთან“ გამართავს.

„დილას“ პრესსამსახური

0.115071