თბილისის "დინამოსა" და ზაგრების “დინამოს” მატჩისწინ ხორვატიის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა ისაუბრა. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი მოედანზე ისე გავა, თითქოს 0:0 იყოს. კრანჩარის თქმით, მეტოქემ პირველ მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და თბილისში რთულ თამაშს ელის.
ზლატკო კრანჩარი (ზაგრების “დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “ვგეგმავთ კარგი თამაშის ჩვენებას. პირველი მატჩი 2:0 მოვიგეთ, მაგრამ ისე გავალთ მოედანზე, თითქოს 0:0 იყოს. მეტოქე ძალიან კარგი გუნდია და რთულ თამაშს ველოდები, მაგრამ ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა.
თქვენმა გუნდმა პირველ მატჩში საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავისი თავი და ამიტომ, კონკრეტულად რომელიმე მოთამაშეს ვერ გამოვყოფ. რაც შეეხება სწრაფ გოლს – ჩვენ მოგებული გვაქვს და შესაბამისად, მიზანი სწრაფად გატანა არ იქნება და დაველოდებით მეტოქის შეცდომას.
გუნდი მზადაა. ტაქტიკურ სქემას ახლა ვერ გეტყვით, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. დანაკლისით, პორტუგალიელი მაჩადო გვაკლია, რომელიც თბილისში არ იმყოფება. სხვა მხრივ კი, საქართველოში სრული შემადგენლობით ჩამოვედით.
ხორვატიის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში რა თქმა უნდა, გამარჯვება გვსურდა, მაგრამ ტაქტიკური ცვლილებები გვქონდა გუნდში, ასევე რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენეთ, რადგან ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი “დინამოსთან” ორმატჩიან დუელში გამარჯვებაა.
თბილისის "დინამოსა" და ზაგრების "დინამოს" მატჩი სამშაბათს, 2 აგვისტოს, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.