ფეხბურთი

22:27 | 31.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” მე-100 ევრომატჩის მოლოდინში

2 აგვისტოს თბილისის “დინამო” დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მე-100 ევრო შეხვედრას ჩაატარებს. ქვეყნის ჩემპიონი “დინამო არენაზე”, უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდის საპასუხო შეხვედრაში ზაგრების “დინამოს” უმასპინძლებს. მატჩი 21.00 საათზე დაიწყება.

2 აგვისტოს “დინამოს” თავის ისტორიაში 8 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 4 მატჩი თბილისელებმა მოიგეს, 3-ში მეტოქემ იმარჯვა და ერთი თამაშიც ფრედ დასრულდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 18:12 თბილისელთა სასარგებლოდ.

1953 წელს “დინამომ” ლენინგრადელ თანაკლუბელს უმასპინძლა და ხუთი უპასუხო გოლით დაჯაბნა. ავთანდილ ღოღობერიძის დუბლს თითო გოლი ზაურ კალოევმა, კონსტანტინე გაგნიძემ და რევაზ მახარაძემ მიამატეს.

ორი წლის შემდეგ, “დინამო“ სახლში დამარცხდა მოსკოველ სეხნიასთან. 2:6 წაგებულ თამაშში გოლები კონსტანტინე გაგნიძემ და ზაურ კალოევმა გაიტანეს. 1971 წელს მოსკოვის ცსკა-მ “დინამოს” 6:0 მოუგო. 1983 წელს თბილისელებმა კიშინიოვის “ნისტრუ” მიიღეს და რამაზ შენგელიასა და გოჩა ჯოხაძის გოლებით 2:0 იმარჯვეს.

2005 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამომ” დანიური “ბრონდბიუ” მიიღო და 0:2 დათმო წააგო. 2007 წელს კი უეფას ევროპა ლიგის პირველი რაუნდის საპასუხო შეხვედრაში “ვადუცთან” უგოლო ყაიმი დაფიქსირდა.

2003 წელს საქართველოს პირველობაზე “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოს” სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ლადო ახალაიამ ორჯერ აიღო ქუთაისელთა კარი, ერთი გოლიც დღევანდელი “დინამოს” კაპიტნის ალექსანდრე ამისულაშვილის ანგარიშზეა.

მომდევნო სეზონში თბილისელებმა ბოლნისის “სიონი” დაჯაბნეს დიდი ანგარიშით – 6:0. ლევან მელქაძის დუბლს თითო გოლი რომერომ, ლევან ხმალაძემ, ჯაბა დვალმა და კახა ალადაშვილმა მიამატეს.

0.124855