რიოს ოლიმპიადაზე, ძალოსნობაში რაულ ცირეკიძე გიორგი ჩხეიძემ შეცვალა, ახალგაზრდა სპორტსმენმა, რომელიც თავის ასაკში უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა. თბილისში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, ჩხეიძე ჩემპიონი გახდა. ის უკვე რიოშია და ემზადება.
რამდენიმე დღეში რიოში ჩვენი ნაკრების ორი ლიდერი, ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე ჩავლენ. რა თქმა უნდა, ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, გიორგი ასანიძესთან ერთად. ათენის ოლიმპიური ჩემპიონი, ასანიძე ჩხეიძის შანსებზე და მის ოლიმპიურ დებიუტზე საუბრობს.
გიორგი ასანიძე: „ჩხეიძე რაულ ცირეკიძესთან ერთად თავიდანვე მესამე ადგილის უალტერნატივო კანდიდატი იყო. როდესაც გადაწყდა, რომ რაული ოლიმპიადაზე ვერ წავიდოდა, ავტომატურად, გიორგი ოლიმპიური გუნდის წევრი გახდა.
ჩხეიძე არა მხოლოდ ძალოსნობის, მთლიანად ქართული დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრია, რომელსაც უკვე აქვს მიღებული გარკვეული გამოცდილება დიდებშიც. რიოში გამოსვლა მისთვის ძალიან დიდი გამოწვევა იქნება. ის მოტივირებულია, მონდომებულია. ჩხეიძეს აქვს მზარდი დინამიკა, ის სწრაფად იზრდება, პროგრესირებს. ძალიან კარგი იყო გიორგი ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც ოქროს მედალი აიღო.
დღეს, როდესაც ქართული ძალოსნობა წინ მიდის, როდესაც ყველა ერთად ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი პოზიტივის მოტანას, ჩვენ მომავლის გუნდს ვაშენებთ. ტოკიო-2020 - ეს არის ჩვენი მიზანი. ჩხეიძის გამოცდილება მნიშვნელოვანია როგორც გიორგისთვის, ასევე – ჩვენთვის, მთელი ქართული ძალოსნობისთვის“.
- რა შანსები აქვს გიორგის რიოში?
- აქვს შანსი, რომ პირველ ათეულში მოხვდეს. ის, რომ გიორგი რიოშია, ხედავს, რა არის ოლიმპიური თამაშები, მისთვის პლიუსი და დამატებით მოტივაციაა. ჩვენც რამდენიმე დღეში შევუერთდებით ოლიმპიურ ნაკრებს. მინდა ყველას, მთელ ოლიმპიურ ნაკრებს წარმატება ვუსურვო. ჩვენი მიზანია, გამოვიდეთ უკეთ, ვიდრე ლონდონში და მინდა, რომ ძალოსნების ჩართულობა საერთო წარმატებაში მაქსიმალურად დიდი იყოს. ყველას წარმატებას ვუსურვებ“.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეს-ცენტრი