საქართველო ის ქვეყანააა, სადაც კარგ საქმესაც კი ხშირად პოლიტიკური სარჩული უდევს და კაცი ვერ გაიგებს ვის რა ინტერესი ამოძრავებს. სწორედ ამიტომაც, ძალიან დასაფასებელი და გამოსარჩევია ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც რეგიონებში სპორტის თემის წინ წამოიწევას ეხება. მით უმეტეს ისეთ რეგიონში, როგორიც ხალხისაგან და მომავლის იმედისგან დაცლილი რაჭის მხარეა.
საინიციატივო ჯგუფი რაჭის ლეგენდარულ და დიდებულ სოფელ ხვანჭკარაში ენთუზიასტურ საწყისებზე და საკუთარი რესურსით მეოთხე წელია მართავს ფეხბურთის ტურნირს "ხვანჭკარის თასი", რომლის მონაწილეებიც არიან ახალგაზრები რაჭის თხუთმეტი სოფლიდან.
სპორტული ღონისძიებების პარალელურად, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები არიან "ფონდი აჰუაჰუს" რეგიონული პროექტის "თავისუფალი ჩვენებების" ქსელის მოხალისეები, რის საფუძველზეც უკვე მეორე წელია პერიოდულად აწყობენ ადგილობრივებისთვის აქტუალური თემების სადისკუსიო ფორმატის კინოჩვენებებს. (სოფელს არ აქვს საკუთარი პროექტორი და ხმის აპარატურა რის გამოც ჩვენების მოწყობა ხერხდება მაშინ როდესაც ორგანიზატორები ითხოვებენ ტექნიკას. როგორც წესი, თბილისიდან უწევთ ხოლმე ჩამოტანა რაც გარკვეულ რისკთან, დროსთან და ენერგიის არამიზნობრივად ხარჯვასთან არის დაკავშირებული).
იქიდან გამომდინარე რომ "ხვანჭკარის თასითა" და "თავისუფალი ჩვენებებით" დაინტერესებული რაჭის მოსახლეობა წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად ჩნდება საორგანიზაციო დეტალების ხარისხის აწევის და დასტაბილურების აუცილებლობა, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს მხარდაჭერისთვის მიემართათ სახელმწიფო და არამხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის. გაინტერესებთ რა სჭირდება ამ საფეხბურთო ტურნირისა და თავისუფალი კინოჩვენების გამართვას? ინებეთ:
- 10 ცალი ბურთი 2. შემოსაცმელები სპორტსმენებისთვის (ორი ფერის, ფორმები) 3. 4 ცალი ნათურა სტადიონის გასანათებლად. 4. დინამიკები 5. პროექტორი 6. მიკროფონი 7. ბადეები კარისთვის.
ეს ყველაფერი ალბათ სასაცილოა მათთვის, ვისაც ფინანსური სახსარი არ უჭირს და ალბათ მათთვისაც, ვისაც ბიუჯეტის კეთილსურნელებაზე მიუწვდება ხელი, მაგრამ, “ხვანჭკარის თასის“ ორგანიზატორების, ძმები სარდანაშვილების დარდიც სწორედ ისაა, რომ მათი მრავალი მცდელობის მიუხედავად, ამ მნიშვნელოვან წამოწყებასა და სრულიად ენთუზიაზისტურ ინიციატივაში ვერადა ვერ ჩართეს ადგილობრივი მთავრობა.
რაჭა, რომელიც საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე გაჭირვებული და დემოგრაფიულად მეჩხერი რეგიონია, ნამდვილად არაა ის მხარე, სადაც ადგილობრივებსა და იქაური სოფლების სტუმრებს უამრავი გასართობი გააჩნიათ. სწორედ ამიტომაცაა საინტერესოა, განა ისეთ რა მნიშვნელოვან სოციალურ თუ სპორტულ პროექტებს ახორციელებს რაჭის რეგიონალური მთავრობა, რომ რამდენიმე ბურთის, მაისურისა და სტადიონის გასანათებელი ნათურების სახსარი არ გააჩნიათ?!
მაგრამ ეს საქართველოა მეგობრებო და როგორც ვიცით, ჩვენში სიკეთის კეთებაც კი მიბაძვით ხდება ხოლმე. არადა, რაჭას მართლაც რომ ძალიან სჭირდება ასეთი ღონისძიებები. რაჭა ხომ ამდენი წელია სულს ღაფავს ისევე როგორც საქართველოს სხვა მთიანი რეგიონები, სადაც სიცოცხლე წლიდან–წლამდე კვდება. ჩვენი ქვეყანა კი მხოლოდ ლამაზი ბუნება და ამ ბუნებაში ნათქვამი სადღეგრძელო არ არის.