ფეხბურთი

15:11 | 30.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაცი უცნაური ისტორიით

“ვიჩინიმ მითხრა, რომ დაღლილი ვჩანდი, ამიტომაც სკამზე დავრჩებოდი. ბევრი ვემუდარე, მათამაშე, 23 წლის ვარ, მოედანზე ერთი წამით არ გავჩერდები-მეთქი, მაგრამ ძირითადში მაინც ჯანლუკა ვიალი დააყენა”, - ასე იხსნებს წლების შემდეგ ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი 1990 წლის მუნდიალის ნახევარფინალს არგენტინის წინააღმდეგ.

რობერტო ბაჯო ბევრისთვის იტალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. მეტიც, ჩვენში ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ფეხბურთი საერთოდ გენიალურმა რობიმ შეაყვარა. ბაჯო ის ადამიანია, რომელზეც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გენიოსი გახლდათ, რომელიც ვერ დააფასეს, ოდნავადაც კი...

1992 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იტალიის ნაკრებმა ვერ დაძლია და “სკუადრა აძურაშ” აძელიო ვიჩინის ნაცვლად უმალ არიგო საკის უხმეს – “მილანის” ექსთავკაცმა კი ნაკრებში სიტუაცია დაალაგა და გუნდი აშშ-ს 1994 პლანეტის პირველობაზე გაიყვანა. ფინალური ეტაპი კი იტალიამ ჩვეულად დაიწყო – მძიმედ. ჯგუფურ ეტაპზე აპენინელებმა ირლანდიასთან პირველივე ტურში მიიღეს მწარე ალიყური, მეორე ტურში კი, ნორვეგიას აჯობეს 1:0, მაგრამ ბაჯოსა და საკის შორის სწორედ იმ დღეს გაჩნდა პირველი ბზარი – ჯანლუკა პალიუკა მოედნიდან გააძევეს და საკიმ გადაწყვიტა სათადარიგო კიპერი ლუკა მარკეჯანი ათიანის ნაცვლად შეეყვანა მინდორზე... ასე თუ ისე, “სკუადრა აძურამ” პლეი-ოფში გასვლა მოახერხა და მერე რობერტომაც აიწყვიტა;

მერვედფინალში პაოლო მალდინის პოზიციური შეცდომის შედეგად ნიგერია დაწინაურდა, თუმცა: “მერვედფინალი მთავრდებოდა – ნიგერიასთან რომ წაგვეგო სამშობლოში ცოცხლები ვერ ჩავიდოდით, 2 წუთი რჩებოდა მატჩის დამთავრებამდე რომ გავათანაბრე. დამატებით დროში მეორეც გავიტანე და მოვიგეთ. მახსოვს, დარტყმის მომენტს ვერ ვხედავდი, უბრალოდ დონადონიმ და მასარომ არაადამიანურად რომ დაიღრიალეს, მივხვდი, შევადგე”, - ამბობს ბაჯო. მერე იყო მეოთხედფინალი ესპანეთთან და ასევე 88-ე წუთზე გამარჯვების გოლი. რობერტო მცველებს დაუსხლტდა და ანდონი სუბისარეტაც მოატყუა, მიუხედავად მახვილი კუთხისა, მაინც ზუსტად დაარტყა. ბაჯო გმირი იყო ნახევარფინალშიც – ბულგარეთთან შეადრებით ადვილ თამაშში “იუვენტუსის” ვარსკვლავმა დუბლი გაიფორმა. წინ კი ფინალი იყო ბრაზილიის წინააღმდეგ. უღიმღალო თამაში გამოვიდა, ვერც ბაჯომ გაიბრწყინა ერთ მხარეს და ვერც რომარიომ მეორე მხარეს. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა – ანგარიში 3:2 იყო ბრაზილიელთა სასარგებლოდ, ბაჯო ემზადებოდა, თუ ვერ გაიტანდა, სამხრეთამერიკელები იჩემპიონებდნენ. რობი იტალიაში პენალტებს როგორც წესი არ აფუჭებს... გამორბის და, ბურთი დიდი მანძილით სცდება კლაუდიო ტაფარელის კარს – აქ გაწყდა ძაფი... ყველაფერი ბაჯოს დააბრალეს, არადა უცნაურია, რომ არა ის, იტალია ფინალამდე საერთოდ ვერ მივიდოდა და კიდევ უფრო უცნაურია ის, რომ მხოლოდ მის გაცუდებულ პენალტს ახსენებდნენ, არავის ახსოვდა, რომ დანიელე მასარომ და ფრანკო ბარეზიმაც ვერ დაარტყეს ზუსტად...

მერე ნაკრებიდან საკიც წავიდა, რომელსაც რობერტო ევრო 1996-ზე არ წაუყვანია. საკის შემდეგ კი არცერთი მწვრთნელი ენდობოდა ბაჯოს. აღიარებდნენ, რომ იგი საუკეთესო იყო, მაგრამ მის ადგილს ნაკრებში ვერ ხედავადნენ, ნამდვილი პარადოქსი იყო. ერთადერთ გამონაკლისად ჩეზარე მალდინის თუ ჩავთვლით, რომელსაც უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა – 1998 წლის მუნდიალის წინა სეზონში ბაჯომ დიდებულად ითამაშა და იტალიის ჩემპიონატში 22 გოლი გაიტანა. რობერტო საფრანგეთში გაემგზავრა და ბედის ირონიით, პირველივე ტურში გამოცდის ჩაბარება მოუწია: იტალია ჩილესთან მარცხდებოდა, როცა რობერტომ თერთმეტრიანი მოუპოვა გუნდს და ბურთთანაც თავადვე მივიდა... ამჯერად ბუდისტი ლეგენდა არ შეცდარა. საერთოდ, იმ ნაკრებს დიდებული შემადგენლობა ჰყავდა და ბევრის აზრით, იტალიამ რომ ვერ იჩემპიონა, მალდინის ბრალი იყო, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა ვინ ეთამაშებინა შეტევაში – ბაჯო თუ დელ პიერო... სხვათა შორის, ჩეზარეს შვილი პაოლო მაშინდელ ამბავს ასე იხსნებს: “მამაჩემი შეცდა. მაშინ, ბაჯო დელ პიეროზე ძლიერი იყო და უფრო მეტად მას რომ მინდებოდა, ჩემპიონები გავხდებოდით”. იტალია მეოთხედფინალში საფრანგეთთან მარცხდება პენალტების სერიაში, რობერტომ ამჯერზე გაიტანა, მაგრამ სხვებმა ვერ აუბეს მხარი და რობერტოს სანაკრებო კარიერაც იქ დასრულდა. იმის მერე მან ფეხბურთი 6 წელი ითამაშა, მაგრამ “სკუადრა აძურაში” მხოლოდ 2-ჯერ ათამაშეს, 1999 წელს დინო ძოფმა ბელორუსთან და 2004 წელს ჯოვანი ტრაპატონიმ ესპანეთთან, როდესაც წინასწარვე იყო ცნობილი, რომ რობის გამოსათხოვარი თამაში იქნებოდა ნაკრებიდან – 55 მატჩი, 27 გოლი. ასეთი იყო მისი სანაკრებო მაჩვებელი, მაგრამ ბევრად მეტს მიაღწევდა, რომ არა ზემოთ ჩამოთვლილი უცნაური მოვლენები. საერთოდ, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრი თვლის, რომ მალდინი უკეთეს გადაწყვეილებას მიიღებდა თუ ბაჯოსა და დელ პიეროს მოედანზე ერთად გაიყვანდა, მაგრამ ასეთი რამ იმ ტურნირზე არ მომხდარა...

რამდენადაც უცნაური იყო რობერტოს სანაკრებო კარიერა, იმდენად კიდევ უფრო უცნაური გამოუვიდა საკლუბო კარიერა – 1999 წელს “ინტერი” მარჩელო ლიპიმ ჩაიბარა. მარჩელო იტალიაში სახელგანთქმულ მწვრთნელად მიიჩნეოდა, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, მასსა და რობერტოს შორის არასდროს სუფევდა იდილია.

მანამდე, 1995 წელს ლიპი “იუვენტუსში” მივიდა, ხოლო ბაჯოს ყველაზე ცუდი სეზონი სწორედ მაშინ გამოუვიდა და ერთ წელიწადში ტურინიდან წასვლაც მოუწია. მიზეზი მარტივი იყო – ბაჯოს ლიპი არ ენდობოდა, ახალგაზრდა ალესანდრო დელ პიეროც მაშინ იკაფავდა გზას და ბაჯოს ადგილი “დელე ალპიზე” აღარ დარჩა. ბედის დაცინვა იყო ისიც, რომ მარჩელოსა და რობის გზები მერე “ინტერში” გადაიკვეთა.

“პირველი გუნდში რომ მოვიდა, რაც გააკეთა, ჩემთან საუბარი იყო. მითხრა, დამესახელებინა ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში სიტუაციას რევდნენ. პირდაპირ ვუთხარი, ამას არ გავაკეთებ-მეთქი. ჩამშვები არასდროს ვყოფილვარ! თქვენ, ალბათ თვლით, რომ ლიპი დიდი მწვრთნელია, მე კი ვფიქრობ, იგი არარაობაა”, - ეს ბაჯოს მოსაზრებაა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონ მწვრთნელზე.

რაღა თქმა უნდა, იტალიელი სპეციალისტი ბაჯოს მილანურ გრანდშიც არ ენდობოდა – არადა, რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა ლიპის სამსახური პირადად ბაჯოს გენიალურმა თამაშმა შეუნარჩუნა. თუნდაც 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის კალენდარულ შეხვედრაში მადრიდის “რეალთან”, როცა ბაჯო შეცვლაზე შევიდა და ესპანურ გუნდს ორი გოლი გაუტანა, “ინტერმა” კი 3:1 მოიგო. ამასთან არაფერია 2000 წლის გაზაფხულზე მომხდარი ფაქტი. სერია A-ს გათამაშება “ინტერმა” და “პარმამ” თანაბარი ქულებით დაასრულეს და თუ ვინ ითამაშებდა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გადათამაშებაში უნდა გაერკვიათ. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ თუ “ინტერნაციონალე” ვერ მოიგებდა, ლიპი უმუშევარი დარჩებოდა, სამაგიეროდ, ბაჯოს ახალი მწვრთნელი ეყოლებოდა, რომელიც მას “სან სიროზე” ათამაშებდა. და თუ “ინტერი” მოიგებდა, ლიპი დარჩებოდა, მაგრამ ბაჯოს მოუწევდა წასვლა – “ინტერმა” ვერონაში მოიგო, მოიგო რობერტო ბაჯოს ხარჯზე! რობიმ ახალგაზრდა ჯანლუიჯი ბუფონს ორჯერ გაუტანა, მარჩელო ლიპის სამსახური შეუნარჩუნა და თვითონ კი, წავიდა. ვეტერანი ლეგენდა მოკრძალებულ “ბრეშაში” შეიფარეს. კარლო მაცონე ალბათ ის ადამიანია, რომელმაც ბაჯო ყველაზე მეტად დააფასა:

“გული მწყდება, რომ ასეთ ადამიანს მანამდე არ შევხვდი. მან ზუსტად იცოდა რა მჭირდებოდა”, - იტყვის რობერტო მაცონეზე. რობერტომ ლომბარდიაში 4 წელი ითამაშა და გუნდის ქომაგებს თავი უზომოდ შეაყვარა. სხვათა შორის, ეს ერთადერთი პერიოდია “ბრეშას” ისტორიაში, როდესაც მიჯრით 4 წელი გუნდმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა და ვისი დამსახურებით?..

2004 წლის მარტში, “ენიო ტარდინიზე” რობერტომ ისტორიული გოლიც შეაგდო – სერია A-ში მეორასე გოლი. მერე კიდევ 4 ბურთი დაამატა ამას და კარიერა დაასრულა. დაასრულა 2004 წლის 16 მაისს, “სან სიროზე” ფეხბურთის “ლა სკალაში” – რობერტო ბაჯო წავიდა, მაგრამ იგი არ დავიწყებიათ. დღემდე ბევრისთვის ფეხბურთის მუზაა, ისაა, რის გამოც ფეხბურთის სიყვარული ფასობს.

სხვათა შორის, ბაჯო ერთადერთი ბუდისტი ფეხბურთელია, რომელმაც “ოქროს ბურთი” მოიგო, 1993 წელს. ეს, მაშინ მოხდა, როდესაც 26 წლის ბაჯო ტურინის “იუვენტუსს” კაპიტნობდა და ამ კლუბში ბრწყინავდა. სხვათა შორის, ამაგი მისთვის არც “ბებერ ქალბატონში” დაუფასებიათ მაინდამაინც... რას იზამ, რობერტოს ბედმა უცნაური გზა არგუნა – დაუფასებლობა მაღალჩინოსნებისა თუ მწვრთნელების მხრიდან, სამაგიეროდ უდიდესი სიყვარული გულშემატკივრებისგან – ეს კი, ვგონებ, ყველაზე ძვირფასი ჯილდოა ფეხბურთელისთვის...

რობერტო ბაჯოს არაერთი ბრწყინვალე გოლი გაუტანია – სიმბოლურია, რომ თავად საუკეთესოდ მიიჩნევს გოლს, რომელიც 1989 წელს, დიეგო მარადონას თვალწინ, “სან პაოლოზე” გაიტანა, მარადონას სტილში – ლამის მთელი “ნაპოლი” გააბითურა, მეკარეც მიაყოლა და ცარიელ კარში შეაგდო. ეს, ფლორენციის “ფიორენტინაში” თამაშის დროს მოხდა, ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში...

0.116377