ფეხბურთი

17:37 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ” იგუაინის შემცვლელი უკვე იპოვა

იტალიის ვიცე-ჩემპიონმა “ნაპოლიმ” გონსალო იგუაინი ტურინის “იუვენტუსში” ცოტა ხნის წინ 90 მილიონ ევროდ გაასხვისა და შესაბამისად, მისი შემცვლელიც ძებნას მალევე შეუდგა, რომელიც უკვე იპოვნა. გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, ამიერიდან ნეაპოლელთა რიგებში პოლონელი თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი ითამაშებს.

22 წლის შემტევი გუშინ რომში ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდგომ უკვე 5 წლით “აძურას” ბედს დაუკავშირებს. “ნაპოლის” პოლონელი ფეხბურთელის დამატება 25 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც შემდგომში კიდევ 5 მილიონი დაემატება.

ამასობაში ცნობისმოყვარე იტალიელმა ჟურნალისტებმა მილიკს გაუხსენეს, რომ 6 წლის წინ ის სიგარეტსაც ეწეოდა და ალკოჰოლურ სასმელებსაც ეახლებოდა – ამის შესახებ აქამდე თავად მილიკსაც არაერთხელ უსაუბრია. თუმცა, ფაქტია, ახლა არკადიუში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ შემტევად მიიჩნევა ძველ კონტინტეტზე.

მილიკი აქამდე ამსტერდამის “აიაქსში” ირჯებოდა, რომლის რიგებშიც 76 თამაშში 47 გოლის გატანა მოახერხა. პოლონეთის ნაკრების შემადგენლობაში კი, ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალამდე მივიდა – საფრანგეთში მან 5 მატჩში თავი ერთხელ გამოიჩინა.

0.121164