სხვა

14:38 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრების 3 ხელბურთელი სტაჟირებას გერმანიაში გაივლის

საქართველოს ქალთა ნაკრების სამი ხელბურთელი, მედეა ჩოხელი, ქეთი კუნელაშვილი და ანა ყველაშვილი, 15 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე სტაჟირებას გაივლის გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდის, ბენსჰაიმ-აუერბახის სახელბურთო აკადემიაში.

ხელბურთის ფედერაციისთვის ქალთა ხელბურთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გოგონათა ნაკრები უკვე მეორე წელია, ოფიციალურ შეჯიბრებებში გამოდის და რეგულარულად აუმჯობესებს თამაშის ხარისხსა და შედეგებს. 2016 წელს, ათწლიანი შესვენების შემდეგ, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის ქალთა შორის. შემოდგომაზე, ახალგაზრდული ნაკრების ბაზაზე დაკომპლექტებული თბილისის მამული გამოვა ევროტურნირებზეც და პირველ წრეში ჩეხეთის სოკოლს შეხვდება.

ქალთა ხელბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო შინაური საკლუბო და საშეჯიბრო სტრუქტურის გამართვა და ნაკრების განვითარება, არამედ ხელბურთელი გოგონების მოხვედრა ევროპულ კლუბებში და პროფესიონალური კონტრაქტების გაფორმება. იმედია, ბენსჰაიმის აკადემიაში სტაჟირება პირველი ნაბიჯი იქნება ამ მიზნისკენ.

ბენსჰაიმ-აუერბახთან კონტაქტები დამყარდა გერმანელი სახელბურთო ექსპერტის, კლაუს ფელდმანის დახმარებით. ფელდმანმა მაისში ხელბურთის მწვრთნელთა სემინარი გამართა თბილისში, ბათუმსა და თელავში. პირველი სტაჟირებისთვის შეირჩა ნაკრების სამი წევრი - 18 წლის გამთამაშებელი ანა ყველაშვილი (მამული), 17 წლის ხაზის მოთმაშე მედეა ჩოხელი (პეგასი) და 17 წლის მარცხენა შუამარბი ქეთი კუნელაშვილი (ყვარელი). შემდგომში თანამშრომლობა გაგრძელდება.

საქართველოს გოგონათა ნაკრებს უახლოესი ტურნირი აქვს 2017 წლის გაზაფხულზე - ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაცია, რომლის წილისყრაც 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება. გუნდს უწევს კიდევ ერთი ასაკობრივი ტურნირი, 2018 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, რის შემდეგაც უკვე ეროვნული ნაკრების დონეზე იასპარებებს ევროპისა და მსოფლიო ქალთა ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებზე.

0.115939