ლეგენდარულმა ირლანდიელმა მეკარე შეი გივენმა აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა საზოგადოებას საკუთარი ტვიტერის გვერდიდან ამცნო. გივენი, რომელიც 40 წლის გახლავთ, ძირითადად სახელგანთქმული ინგლისის პრემირლიგაში თამაშით გახდა. ალბიონურ ლიგაში მან მთლიანობაში 446-ჯერ ითამაშა. იგი სხვადასხვა დროს “ნიუკასლ იუნაიტედის”, “მანჩესტერ სიტის”, “ასტონ ვილასა” და “სტოკ სიტის” კარს იცავდა.
თუმცა, განსაკუთრებულად კარგი “სენტ ჯეიმს პარკზე” თამაშის დროს იყო. რაც შეეხება სანაკრებო დონეს – შეიმ ირლანდიის ნაკრებში 134 შეხვედრა ჩაატარა. მონაწილეობა მიიღო 2002 წლის მუნდიალსა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე. ერთი თვის წინ დასრულებულ ევროფორუმზე კი, 23 კაციან განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია.