კალათბურთი

16:03 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩერნოგორია ახალი ამერიკელით
ტანიევიჩმა შესარჩევი ციკლისთვის 17-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული გუნდის უმთავრეს მეტოქედ მიიჩნევა, მომავალი ბატალიებისთვის მზადება დაიწყო.

ჩერნოგორიელთა გამოცდილმა მწვრთნელმა ბოგდან ტანიევიჩმა გუნდში 17 კალათბურთელი გამოიძახა, რომელთაც ქვეყნის დედაქალაქ პოდგორიცაში სამედიცინო შემოწმება გაიარეს, მოგვიანებით კი, უმთავრესი შეკრების გასავლელად სერბეთის სამთო კურორტ ზლატიბორს მიაშურეს.

მანამდე, ტანიევიჩმა შეგირდები პოდგორიცას სპორტისა და კულტურის ცენტრში შეჰყარა, გვერდში გუნდის კაპიტანი სუად სეჰოვიჩი და ვიცე-კაპიტანი ბოიან დუბლევიჩი მოისვა და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.

ჩერნოგორიელთა პათოსი ნათელია. ისინი მომავალ მეტოქეებს პატივს სცემენ, თუმცა, სჯერათ, რომ ყველაფერი მათზე დამოკიდებული. ნაკრები დიდ სცენაზე დაბრუნებას აპირებს, მას შემდეგ, რაც გასული საკვალიფიკაციო ეტაპი ჩაუვარდა და ევრობასკეტ-2015-ს მიღმა დარჩა.

ბოგდან ტანიევიჩი: “მზადება, რომელიც თვეზე მეტ ხანს გასტანს, 8 საკონტროლო მატჩს მოიცავს. სამედიცინო შემოწმების გათვალისწინებით, კალათბურთელები კარგ ფორმაში იმყოფებიან და ახლა, მთავარია, საკვალიფიკაციო ეტაპს დანაკლისის გარეშე შევხვდეთ. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ დატვირთვები დიდი იქნება, რადგანაც მზადებისთვის ბევრი დრო აღარ გვრჩება. ორჯერადი ვარჯიშები გველის და ბიჭები ამისთვის უნდა განეწყონ. ჯგუფში ჩვენს მეტოქეებს პატივს ვცემთ და მინდა ყველას ავუხსნა, თუკი 100%-ით არ დაიხარჯებიან, შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება”.

სუად სეჰოვიჩი: “ეს შესარჩევი ციკლი ჩერნოგორიული კალათბურთისთვის უმნიშვნელოვანესია. ყველაფერი უნდა გავიღოთ, რათა 2 წლის წინანდელი კატასტროფა არ განმეორდეს. მაშინ ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, რამაც ძალიან გვაზარალა. კარგი იქნება, თუკი შესარჩევი თამაშებისთვის ყველა წამყვანი კალათბურთელი მწყობრში იქნება. მეტოქეთა შესახებ დაწვრილებით საუბარი გამიჭირდება. როდესაც მათ თამაშს გავაანალიზებთ, უფრო მეტის თქმა შემეძლება. მოწინააღმდეგეებს პატივს ვცემთ, თუმცა, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული – თუკი ისე გავირჯებით, როგორც შეგვიძლია, შედეგს მივაღწევთ”.

ბოიან დუბლევიჩი: “დიდ ევროპულ კალათბურთში დაბრუნების შანსი გვაქვს და ცხადია, რომ მოტივაციის ნაკლებობას არ განვიცდით. ვფიქრობ, შესაბამისი მუშაობის შემთხვევაში, მიზანი მიუღწეველი ნამდვილად არაა”.

შემადგენლობისთვის ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ ქართველებს ჩერნოგორიასთან უმძიმესი მატჩები ელით. ფაქტია, ტანიევიჩს 17-დან სასურველი 12 მოთამაშის შერჩევა არ უნდა გაუჭირდეს. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართველთა მეტოქეს საკმაო დანაკლისი აქვს. როგორც ადრე იყო ნათქვამი, ამ შესარჩევ ციკლში არ ითამაშებს ნიკოლა პეკოვიჩი. “მინესოტას” 30 წლის ცენტრი ნაკრების ხელმძღვანელობას შეუთანხმდა, რომ ამჯერად დაისვენებს, ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, გუნდთან ერთად იქნება.

საინტერესო ვითარება შეიქმნა ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელთან დაკავშირებით. ჩერნოგორიის მოქალაქეობა აქვთ ევროპული მასშტაბით ძალიან ცნობილ უკანახაზელებს – ტეილორ როჩესტის (“მაკაბი”, თელ-ავივი) და ტაირის რაისს. წინასწარი მონაცემებით, ნაკრებში სწორედ ეს უკანასკნელი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ორიოდ დღის წინ, რაისმა კონტრაქტი ესპანურ “ბარსელონასთან” გააფორმა და როგორც სჩანს, კატალონიელებმა მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა იქონიეს.

ეს, ქართველი კალათბურთელებისთვის უდავოდ კარგი სიახლეა, რადგანაც ტაირისი ბოლო წლებში ჩინებულ ფორმაში იმყოფება. და ვინ არის ჩერნოგორიელთა ახალი ამერიკელი? 25 წლის დერეკ ნეედჰამი ასევე გამთამაშებელია და ევროპაში როჩესტის და რაისის დარად ცნობილი ნამდვილად არ გახლავთ.

ნეედჰამი აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში გატარებული 4 სეზონის (“ფეირფილდი”, საშუალოდ 14.3 ქულა, 3.1 მოხსნა, 4.1 პასი, 1.4 ჩაჭრა) შემდეგ, 2013 წელს NBA-ს დრაფტზე დადგომას შეეცადა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია და კონტრაქტი ლიტვურ “შიაულაისთან” გააფორმა. ლიტვის ჩემპიონატში ჩატარებულ 37 მატჩში მისი საშუალო მონაგარი 11.7 ქულა, 2.5 მოხსნა, 3.5 პასი და 1.3 ჩაჭრა იყო, ბალტიის ლიგაში კი, ის 19 შეხვედრაში საშუალოდ 11.3 ქულას, 3.1 მოხსნას, 3.6 პასს და 1.4 ჩაჭრას აგროვებდა.

ამერიკელმა ფლეიმეიქერმა 2014-15 წლების სეზონი უკრაინაში გაატარა და იუჟნის “ხიმიკს” ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დიდი დახმარება გაუწია. დერეკმა უკრაინის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო მაჩვენებლები 11.5 ქულა, 3.4 მოხსნა, 4.5 პასი და 1.5 ჩაჭრა იყო. ამასთან, ის ლიგის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის მფლობელიც გახდა.

გასულ სეზონში ნეედჰამმა ერთბაშად ორ ჩემპიონატში – გერმანულ ბუნდესლიგასა და იტალიურ სერია A-ში თამაში მოასწრო. “ბრაუნშვაიგის” რიგებში ამერიკელი 31 მატჩში საშუალოდ 14.9 ქულას 3.5 მოხსნას, 3.7 პასს და 1.52 ჩაჭრას აგროვებდა, “რეჯიო ემილიას” მაისურით კი ასეთი მაჩვენებლები ჰქონდა: 16 მატჩი, 5.5 ქულა, 1.94 მოხსნა, 1.81 პასი, 1.06 ჩაჭრა. შეამჩნევდით, რომ ნეედჰამს ყველაზე სუსტი შედეგები ბოლო კლუბში ანუ “რეჯიო ემილიაში” ჰქონდა, რომელთანაც მან 26 ივნისს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გააგრძელა.

სხვა მხრივ, ჩერნოგორიელებს ცნობილი კალათბურთელები ნამდვილად არ აკლიათ და მათგან ლიდერობის გაწევა არაერთს შეუძლია. პეკოვიჩის არყოფნაში, ჩერნოგორიას NBA-დან ერთადერთი მოთამაშე ჰყავს: ნიკოლა ვუჩევიჩმა გასული სეზონი “ორლანდო მეჯიქში” გაატარა და 65 მატჩში საშუალოდ 18.2 ქულას, 8.9 მოხსნას, 2.8 პასს და 1.1 დაფარებას აგროვებდა.

ვუჩევიჩის გარდა, ყურადღებას იპყრობენ ესპანური “ვალენსიას” მძიმე ფორვარდი ბოიან დუბლევიჩი, პოდგორიცას “ბუდუჩნოსტის” ლიდერები – ძმები სუად და სეად სეჰოვიჩები და მადრიდის “რეალის” და რუსული “ხიმკის” ახალგაზრდა ვარსკვლავები – დინო რადონჩიჩი და მარკო ტოდოროვიჩი.

ჩერნოგორიის ნაკრები ზლატიბორში 17 აგვისტომდე დარჩება და ოთხ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: 5 და 7 აგვისტოს – უნგრეთთან, ხოლო 10 და 13 აგვისტოს – შვეიცარიასთან. შემდეგ ჩერნოგორიელები მაკედონიაში გაემგზავრებიან და 17-19 აგვისტოს სკოპიეს ტურნირში ითამაშებენ, სადაც მასპინძელთა გარდა, მეტოქეებად ბოსნია-ჰერცეგოვინა და ბელგია ეყოლებათ.

ჩერნოგორიის ეროვნულ გუნდს საკვალიფიკაციო მატჩების წინ, ბოლო გამოცდა 27 აგვისტოს ელის. ტანიევიჩის შეგირდები სლოვენიაში ჩავლენ და იქაურ ნაკრებს გაეჯიბრებიან, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევ ჯგუფში, ჩერნოგორიის და საქართველოს ნაკრებთა გარდა, სლოვაკეთი და ალბანეთი ითამაშებენ. ჩერნოგორიელები F ჯგუფის თამაშებს 31 აგვისტოს გახსნიან, როდესაც პოდგორიცაში სლოვაკებს დაუხვდებიან, 7 აგვისტოს ტანიევიჩის შეგირდები თბილისს ესტუმრებიან, 17-ში კი, საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნით ტურში, ჩერნოგორია ქართველებს საზღვაო კურორტ ბარში მიიღებს.

ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის

უკანა ხაზი

ნიკოლა ივანოვიჩი (აეკ, საბერძნეთი)

ნიკოლა პავლიჩევიჩი (ოლიმპია, სლოვენია)

დერეკ ნეედჰამი (რეჯიო ემილია, იტალია)

ნემანია ვრანიეში (ბუდუჩნოსტი)

ვლადიმირ მიჰაილოვიჩი (ვიურცბურგი, გერმანია)

სუად სეჰოვიჩი (ბუდუჩნოსტი)

სეად სეჰოვიჩი (ბუდუჩნოსტი)

დინო რადონჩიჩი (რეალი, ესპანეთი)

მილუტინ დუკანოვიჩი (უგუნდოდ)

წინა ხაზი

ნემანია დურიშიჩი (ჟიელუნა გორა, პოლონეთი)

ნემანია რადოვიჩი (მურსია, ესპანეთი)

ვლადიმირ დაშიჩი (უგუნდოდ)

დანილო ნიკოლიჩი (ბილბაო, ესპანეთი)

ივან მარაში (ცმოკი-მინსკი, ბელარუსი)

ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლანდო, NBA)

ბოიან დუბლევიჩი (ვალენსია, ესპანეთი)

მარკო ტოდოროვიჩი (ხიმკი, რუსეთი)

მწვრთნელი: ბოგდან ტანიევიჩი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1363