საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება, ერთ-ერთ საკონტროლო შეხვედრას მოსკოვში ჩაატარებს და რუსები ამ შერკინებისთვის განსაკუთრებით ემზადებიან.
საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთის ეროვნულ გუნდს მშობლიური პუბლიკის წინაშე უკვე 2 (!) წელია არ უთამაშია. ამდენად, 4 და 6 აგვისტოს, შესაბამისად, ბელარუსთან და საქართველოსთან მატჩებს ადგილობრივი ქომაგი დიდი ინტერესით ელის, რუსეთის საკალათბურთო კავშირმა კი მათ მისაზიდად სპეციალური ვიდეო-რგოლიც შექმნა.
აღნიშნულ მატჩებს მოსკოვის გარეუბანში მდებარე საკალათბურთო ცენტრი “ხიმკი” უმასპინძლებს. კონკრეტულად რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი კი 100-დან 400 რუბლამდე (3.5-დან 14 ლარამდე) ღირს.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოდან საქართველოც და რუსეთის ევრობასკეტ-2017-ის შესარჩვე რაუნდში ჩაებმებიან. ქართველები F ჯგუფში ჩერნოგორიას, სლოვაკეთს და ალბანეთს ეთამაშებიან, ხოლო რუსები – C ჯგუფში ბოსნია-ჰერცეგოვინას და შვედეთს.
http://rutube.ru/video/7e1c0d02f5e50d071ce71c511bf28401/?ref=logo