პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და „სპორტინგის“ ნახევარმცველ ჟოაუ მარიოს მთხოვნელები გამოუჩნდნენ, თუმცა ლისაბონელები ჯერჯერობით მის გაყიდვას არ გეგმავენ.
მოლაპარაკების დეტალები 23 წლის ევროპის ჩემპიონის მამამ Diario de Noticias-ს გაანდო:
„წინადადებები პირადად ჩემთან არ მოსულა. მას ჟოაუს აგენტს, ან კლუბის პრეზიდენტს უგზავნიდნენ. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ლისაბონელებმა უარი უთხრეს მილანის „ინტერს“, რომელიც მზად იყო 35 მილიონი ევრო ახლავე გადაეხადა და ბონუსის სახით დამატებით 10 მილიონი გაეღო. ასევე, იყო „ლივერპულის“ წინადადება 40 მილიონის ოდენობით. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ჩემი შვილი პროფესიონალია და იცის, რომ „სპორტინგთან“ კონტრაქტი აკავშირებს. ამავდროულად, ვსაუბრობთ ღირებულ მოთამაშეზე, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს და აუცილებლად გახდება სერიოზული პროექტის ნაწილი“.
ჟოაუ მარიო ორი წელია „სპორტინგის“ სასტარტო ფეხბურთელად იქცა და პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში 6 გოლი გაიტანა.