საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო” უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ზაგრებში მოსახელე გუნდთან მშრალი ანგარიშით, 0:2 დამარცხდა და საპასუხო მატჩის წინ შანსი ერთი-ორად შეიმცირა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე “დინამოს” თავკაცმა იურაი იარაბეკმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მის გუნდს ცუდად არ უთამაშია, მაგრამ ფეხბურთი ასეთია – მოიგო ძლიერმა. მისივე თქმით, თბილისურ გუნდს განმეორებით მატჩში შანსი აქვს, მაგრამ ამისთვის ტრიბუნებზე ქომაგი, ხოლო მოედანზე სწრაფი გოლი დასჭირდება.
“ზაგრების “დინამომ” დღეს კარგად ითამაშა, მაგრამ მე-40 წუთამდე ჩემი გუნდი ცუდად არ თამაშობდა, მერე კი, მოვდუნდით და მცირე დროში ორი გოლი მივიღეთ. ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება, რომელსაც აუცილებლად გავაანალიზებთ. რომ არა ეს ეპიზოდი, ჩვენი თამაში კარგი იყო. “დინამოს” აქვს მომატების შანსი.
იმედგაცრუებული არ ვარ - ჩვენი ამოცანა გახლდათ ერთი გოლი მაინც გაგვეტანა სტუმრად – ეს ვერ მოვახერხეთ და მივიღეთ საპასუხოდ ორი ბურთი. თუმცა, ფეხბურთი ასეთია, ზაგრების “დინამო” მაღალი კლასის გუნდია.
საპასუხო თამაში? – ვფიქრობ, შანსი 30% გვაქვს. “დინამო არენაზე” 40 ათასი გულშემატკივარი მოვა და იქ მეტოქისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება. მომდევნო ეტაპზე გასვლა თუ გვინდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პირველ 20-25 წუთში გოლი გავიტანოთ”, - განაცხადა იარაბეკმა.
თბილისისა და ზაგრების “დინამოს” საპასუხო მატჩი 2 აგვისტოს თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.