ფეხბურთი

1:52 | 27.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

თამაში სხვა, ტაბლო - სხვა

თბილისის "დინამომ" 14-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით, მეტოქეზე მეტი კუთხური ჩააწოდა და საერთოდაც, მეტოქეზე მეტი საგოლე შანსი ჰქონდა, მეტი მწვავე შეტევაც, ბურთსაც უფრო ხშირად ფლობდა, მაგრამ საშემსრულებლო კლასმა თავისი გაიტანა - სტატისტიკა სტატისტიკად, გოლი კი ვერ გავიტანეთ.

როდინდელმა ჭირმა იჩინა თავი: პირველი ტაიმის ბოლოს ჩავარდნა. ჩავარდნაცაა და ჩავარდნაც, სათამაშო უპირატესობა თბილისელებს ჰქონდათ და თუ ვინმეს უნდა გაეტანა, ეს თბილისის "დინამო" იყო, მაგრამ აქეთ გაუშვა ორი ბურთი სამწუთიან მონაკვეთში.

39-ე წუთზე ანტე ჩორიჩის პასმა თბილისელთა დაცვა არია, ალჟირელი ჰილალ სუდანი კი პირისპირ დარჩა და მეკარე სკრიბეს დაბალი დარტყმით გაუტანა. სამ წუთში კი უაზროდ დაიკარგა ბურთი, ერთი პასი და ფერნანდესმა აკრიფა სისწრაფე, რენე ფერეირაზე (მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა ბრაზილიელმა) უკეთეს პოზიციაში იყო და ეს გამოიყენა, მეკარის ბაქნამდე მივიდა და პასი გაუკეთა ჩორიჩს, რომელმაც ახლოდან იოლად გაიტანა - 2:0.

ჩორიჩი საუკეთესო იყო და ზაგრებელთა "ფანტაზისტა" სწორედ ის გახლდათ, 19 წლის ნახევარმცველს ლამაზი თვალების გამო არ იწვევენ ხორვატიის ნაკრებში.

დაახლოებით მე-15 წუთიდან გამოიკვეთა სურათი: თბილისელებმა ბურთი დაიჭირეს, ზაგრებელები კი კონტრშეტევებს ცდილობდნენ. იყო მონაკვეთები, 8-9 კაცითაც კი იცავდნენ თავს. ერთი შეხედვით ეს სასიამოვნო ჩანდა, რადგან ქართველები უტევდნენ, თუმცა როგორც შემდგომ გამოჩნდა, მასპინძელთა თავკაცმა ზლატკო კრანჩარმა შეგნებულად დათმო ცენტრი და სწრაფი შემტევების იმედზე იყო. მართლაც ძალიან სწრაფები იყვნენ როგიც, ჩორიჩიც, სუდანიც და ფერნანდესიც.

ეს კრანჩარის ტაქტიკური გამარჯვება იყო. თუმცა ვინ იცის, სხვაგვარად წასულიყო საქმე, თბილისის "დინამოს" გოლი რომ გაეტანა 39-ე წუთამდე. გამოვარჩევდით ვახტანგ ჭანტურიშვილის შორიდან გასროლილს, ოდნავ რომ გადასცდა კარს. ასევე იმ მომენტს, როცა დასწრებაზე შეიძლებოდა გატანა იმავ ჭანტურიშვილის ჩაწოდების შემდეგ. კარგი იყო ლადო დვალიშვილი, ბევრს მუშაობდა, ბურთს არ კარგავდა და მცველები დაძაბულობაში ჰყავდა.

თამაშის სურათიდან გამომდინარე, ალოგიკური გოლები გავიდა, მაგრამ ეს იყო საშემსრულებლო კლასის შედეგი.

მეორე ნახევარშიც დაახლოებით მსგავსი სურათი ვიხილეთ. იურაი იარაბეკმა ინერტული ოთარ კიტეიშვილი ნიკოლოზ გელაშვილით შეცვალა, ხოლო მოგვიანებით გიორგი პაპუნაშვილის ნაცვლად კურიე შეიყვანა. ამ შეცვლებმა შედეგი ვერ გამოიღო. გელაშვილის მომენტი კი, აბა, როგორ უნდა დავივიწყოთ - ასეთი შანსი თავდამსხმელმა უნდა გამოიყენოს, თანაც, ასეთ მნიშვნელოვან დროს.

ერთი-ორჯერ მასპინძლებს შეეძლოთ კონტრშეტევაზე მესამე გოლის გატანა. ჩანდა, რომ 2:0 ძალიანაც აწყობდათ და ბოლო 15 წუთი ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშეს. ამ დროს მშვენიერი იქნებოდა ჯაბა ჯიღაურის გოლი - შორიდან ძლიერად დაარტყა და პორტუგალიელმა მეკარე ედუარდომ საოცარი რეაქცია გამოავლინა. თბილისელებს გოლის გატანა არ ეწერათ...

უნებურად გაგვახსენდა სამი წლის წინ ბუქარესტის "სტიაუასთან" ჩემპიონთა ლიგის ამავე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული მატჩი, მაშინაც 0:2 წავაგეთ (შინ), თუმცა ის "სტიაუა" ამ ზაგრების "დინამოზე" უკეთესი გუნდი იყო.

სწორედ ესაა გულდასაწყვეტი. არ იყო ეს თამაში 0:2 წასაგები...

26 ივლისი. 22:45. ზაგრები. "მაქსიმირი"

დინამო (ზაგრები) - დინამო (თბილისი) 2:0 (2:0)

დინამო (ზაგრები): ედუარდუ; სტოიანოვიჩი, სიგალი, ბენკოვიჩი; როგი, მაჩადუ (ფერნანდესი 9), ანტოლიჩი, პივარიჩი; ჩორიჩი (ენრიკესი 73); სუდანი, ჰოჯიჩი (ჟონასი 62)

მწვრთნელი: ზლატკო კრანჩარი

დინამო (თბილისი): სკრიბე; ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე ფერეირა, ჭელიძე; ჯიღაური, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი (კურიე 56), კიტეიშვილი (გელაშვილი 46), ჭანტურიშვილი; დვალიშვილი (ცინცაძე 78)

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

გოლები: 1:0 სუდანი (39), 2:0 ჩორიჩი (42)

გაფრთხილება: სიგალი (37)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (4) - 14 (2) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 2:2 ჯარიმა: 18:13

მსაჯი: ბობი მედენი (შოტლანდია)

0.112586