ფეხბურთი რომ სპორტთან ერთად დიდი ბიზნესიცაა არახალია. ჰოდა წამყვანი ევროპული კლუბები ყველა გზით ცდილობენ დამატებითი მილიონების მიღებას. ამ მხრივ მადრიდის „რეალი“ წამყვან პოზიციებზეა და სპარინგ-მატჩებისგან სერიოზულ შემოსავლებს იღებს.
შარშანდელი ტურნეს დროს ავსტრალიასა და ჩინეთში „სამეფო კლუბის“ სალარო 20 მილიონი ევროთი შეივსო. წელს ის ეგრეთწოდებულ საერთაშორისო ჩემპიონთა თასში ჩაერთო, რომელიც აზიასა და აშშ-ში ტარდება და შემოსავლებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.
Marca-ს ცნობით, კოლამბუსში, მიჩიგანსა და ნიუ-ჯერსიში გამართული სამი თამაშით „რეალმა“ უკვე მიიღო 12 მილიონი ევრო და ეს ყველაფერი არაა. ზინედინ ზიდანის შეგირდები „ფინანსურ ტურნეს“ განაგრძობენ და პსჟ-ს, „ბაიერნსა“ და „ჩელსის“ შეხვდებიან.