ფეხბურთი

12:26 | 26.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” VS “დინამო” – “მაქსიმირიდან” ლიგამდე არცთუ ისე შორსაა

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჩაატარებს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის “დინამო”, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, მოსახელე გუნდს სტუმრობს. შეხვედრის მნიშვნელობა ცალსახად, დიდია – თუ ჩვენი “დინამო” შეძლებს და აღნიშნულ ბარიერს დაძლევს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოხვდება, საიდანაც ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი იქნება დარჩენილი და ამასთან, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპის საგზურს გაინაღდებს. ესეც არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი. მოკლედ, დაველოდოთ და ვნახოთ რა, როგორ იქნება.

დინამოელთა მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი მატჩის წინ აცხადებს, რომ მეტოქე გაცილებით ძლიერია და ფავორიტია, თუმცა არც თავისი გუნდის შანსს აკნინებს და აღნიშნავს, რომ “დინამო” თბილისს გაცილებით ნაკლები წნეხით მოუწევს სტადიონ “მაქსიმირზე” თამაში, ვიდრე მასპინძელ გუნდს. სიმართლე რომ ვთქვათ, იარაბეკი მართალს ამბობს. მისი ვიზავი ზლატკო კრანჩარი კი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თავისი გუნდის თამაშით მაინცდამაინც კმაყოფილი არ დარჩენილა და ამიტომაც, დღეს ფეხბურთელებს მეტი აგრესიით თამაშს სთხოვს.

ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით იქნება მოედანზე, თუმცა გამონაკლისებიც არის: სტუმრებს დიდი ალბათობით გიორგი ქვილითაია დააკლდებათ, რომელსაც ტრავმა აწუხებს, ხოლო მასპინძელთა რიგებში ვერ ვიხილავთ მარკო პიაცას, რომელმაც გუნდს “ვარდართან” საპასუხო მატჩი მოაგებინა, მაგრამ მერე მეორე დღესვე ტურინის “იუვენტუსთან” გააფორმა კონტრაქტი. სხვა მხრივ კი მწვრთნელები პრობლემებს არ უჩივიან.

ძაგრების “დინამო” გამოცდილების ნაკლებობას არ უჩივის – ბოლო წლებში ხორვატიის ჩემპიონის გარეშე ევროსარბიელი არ ჩატარებულა და ხან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს, ხანაც ევროპის. მართალია, ხორვატებს იქ განსაკუთრებულად წარმატებით თამაში უძნელდებათ, მაგრამ ესეც ხომ საქმეა?! – შარშან კი, ლიგის პირველივე ტურში ამ სტადიონზე ლონდონის “არსენალი” ჩავიდა და შინ უქულოდ დაბრუნდა. რაც შეეხება “დინამო” თბილისს – საუკეთესო მიღწევა დამოუკიდებელი ქართულიფ ფეხბურთის ისტორიაში დღემდე უეფას თასის ჯგუფური ეტაპია, როცა 2004-2005 წლების სეზონში გია გეგუჩაძემ ათამაშა. მაშინ “დინამომ” ჯგუფში ოთხივე თამაში წააგო “სოშოსთან”, “ნიუკასლთან”, “სპორტინგთან” და “პანიონისთან”. 1998-1999 წლების სეზონში კი ჩემპიონთა ლიგასთან იყო ყველაზე ახლოს; მაშინ ბილბაოს “ატლეტიკთან” საქართველოს ჩემპიონი მხოლოდ შინ გაშვებული ზედმეტი გოლის გამოისობით დამარცხდა. მას მერე, ასე ახლოს ლიგის ჰიმნთან არ ყოფილა. შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრის დატვირთვას ეს კიდევ უფრო ზრდის.

აღსანიშნავია, რომ “მაქსიმირზე” ზაგრების “დინამო” თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში – ბოლო 15 თამაშის 87% მოგებული აქვს. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზლატკო კრანჩარის გუნდმა მაკედონიის ჩემპიონ “ვარდარს” ორი მატჩის ჯამში 5:3 აჯობა. მიუხედავად ამისა, ეს ადვილად და ცალი ფეხით ნამდვილად არ გაუკეთებია. ღომ არა მარკო პიაცა, ვინ იცის, ეგებ ახლა ჩვენი მეტოქე სწორედ მაკედონიელები ყოფილიყვნენ... “დინამომ” კი სომხური “ალაშკერტი” ადვილად (2:0, 1:1) დაამარცხა და მისი რეალური ძალა სწორედ ზაგრებულ გუნდთან ჭიდილში უნდ გამოჩნდეს.

საერთოდ, ბოლო თამაშებში გამოჩნდა, რომ ხორვატიის ჩემპიონის სუსტი წერტილი უფრო ემეტად დაცვაა. ბოლო 10 შეხვედრიდან “დინამო” საშუალოდ 1.5 გოლს უშვებს, რაც ცოტა ნამდვილად არაა. მათ კარში გოლის გატანას კი, ჩვენი ჩემპიონისთვის დღეს ოქროს ფასი ექნება. უკანასკნელი 10 საშინაო თამაშიდან “მაქსიმირზე” “დინამომ” 9 მოიგო და ერთადერთხელ წააგო, ხოლო “დინამო” თბილისი გასვლით შეხვედრებს ნორმალურად ატარებს: 5 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება – ბოლო 10 მატჩიდან.

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გეგმავს.

“დინამო” (ხორვატია) – “დინამო” (საქართველო)

26 ივლისი, 22:45 საათი

ზაგრები, “მაქსიმირი”

“დინამო” (ზაგრები): ედუარდო, პივარიჩი, სიგალი, შინლდენფელდი, მაცელი, სტოიანოვიჩი, ანტოლიჩი, როგი, მაჩადო, ჰოჯიჩი, სუდანი

მწვრთნელი: ზლატკო კრანჩარი

“დინამო” (თბილისი): სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე ფერეირა, შპიჩიჩი, პარუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი, დვალიშვილი

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

მსაჯი: ბობი მადენი (შოტლანდია)

0.146218