სამშაბათს, ზაგრებში საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო” ხორვატიის ჩემპიონს დაუპირისპირდება. მატჩამდე ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა ბალკანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა.
როგორც 59 წლის სპეციალისტი ამბობს, “დინამოს” დიდი ისტორია აქვს, მაგრამ ამჟამად მაკედონიური “ვარდარის” დონეზეც არ დგას, რომელსაც ზაგრების “დინამომ” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აჯობა. მანვე განაცხადა, რომ მის ფეხბურთელებს ხვალინდელ შეხვედრაში მასქიმალური აგრესიით თამაში მოსთხოვა.
“ჩვენ გვინდა მკაცრად ვითამაშოთ, თუმცა ეს არ იქნება ადვილი. ამასთან, მჯერა, რომ რეალურია, ვანახოთ კარგი თამაში. ვთამაშობთ საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ, ვიცით ჩვენი მიზნები და გვინდა, რომ გავიმარჯვოთ.
“დინამოს” აქვს დიდი ტრადიცია, ჩემპიონები არიან. თუმცა, ვფიქრობ, რომ “ვარდარის” დონეზე, რომელსაც II რაუნდში მოვიგეთ, არ იმყოფებიან. იმედი მაქვს, ჩემი ფეხბურთელები დავალებებს ზუსტად შეასრულებენ.
ტაქტიკური თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ არაფერი შეიცვლება, რადგან ვფიქრობ, 4-2-3-1 ის წყობაა, რომელსაც შეუძლია შედეგი მოგვიტანოს. თუმცა, პრაქტიკაში დამუშავებული გვაქვს სხვადასხვა ვარიანტები, რადგან ეს შესაძლოა საჭირო გახდეს. მათ ჩვენი თამაში შესწავლილი აქვთ. უფრო აგრესიულად უნდა ვიმოქმედოთ, ეს “ვარდართან” მატჩში მაინცდამაინც არ ჩანდა. მეტოქე გვაძლევს საშუალებას, რომ მოედანზე პირველი ნომერი ვიყოთ და ჩემი აზრით, ასეც იქნება – ეს გადაწყვეტს მატჩის ბედს”, - განაცხადა ხორვატთა თავკაცმა.
ზაგრებისა და თბილისის “დინამოს” შეხვედრა სამშაბათს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩი ხორვატიის მთავარ არენა “მაქსიმირზე” გაიმართება. რაც შეეხება საპასუხო შეხვერდას, მას 2 აგვისტოს “დინამო არენა” უმასპინძლებს.