ფეხბურთი

23:12 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” თურქებთან დამარცხდა

თურქეთის პირველლიგელ „ბანდირმასპორთან“ საკონტროლო შეხვედრა ტორპედოელთათვის უიღბლო გამოდგა. მთლიანობაში და განსაკუთრებით პირველ ნახევარში, საგრძნობი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, გამარჯვება მეტოქეს ერგო.

საწყის ნახევარ საათში ბურთს უმეტესად ქუთაისელები აკონტროლებდნენ, თუმცა ხიფათს ხშირად ვერ ქმნიდნენ. პირველი დარტყმა ბანდირმელთა კარის მიმართულებით მე-8 წუთზე ოლეგ მამასახლისმა განახორციელა, მაგრამ საჯარიმოს გარედან ხარიხას გადააცილა. შუა ტაიმში გუგა ფალავანდიშვილის გრძელი გადაცემით გიორგი ქიმაძე გავიდა ხელსაყრელ პოზიციაზე, თუმცა მისი დარტყმული არცთუ ძლიერი გამოდგა და მეკარე იოლად დაეუფლა ბურთს.

შესვენებამდე თურქებმა ერთხელ, მაგრამ ძალზე სახიფათოდ შეუტიეს. 35-ე წუთზე გოლისგან გუნდი მაქსიმე ქვილითაიამ იხსნა, რომელმაც ისმაილ გოკოღლანის მიერ საკმაოდ ახლოდან ძლიერად დარტყმული მოიგერია.

მალევე გრიგოლ დოლიძე დაუსხლტდა მცველებს და კარისკენაც დაარტყა, ოღონდ მიზანს ააცილა. ამის შემდეგ ტორპედოელთა სწრაფად გათამაშებული კომბინაცია თორნიკე კაპანაძემ დაასრულა კარში დარტყმით, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთს მცველი გადაეფარა. სუსტი აღმოჩნდა შეტევაში მარჯვნიდან ჩართული ვაჟა ტაბატაძის დარტყმული – მეკარეს არ გაჭირვებია ბურთის დაჭერა.

მეორე ნახევარში ბანდირმელები გაცილებით გააქტიურდნენ. 64-ეწუთზე მათ დაწინაურება მოახერხეს. ბურთი სტანდარტული მდგომარეობიდან გავიდა. ქუთაისელთა საჯარიმოში ჩაწოდებულზე მცველებს ათაბეი ჩიჩეკმა დაასწრო და ახლოდან ზუსტად გადაგზავნა ბადეში. ხუთიოდე წუთის შემდეგ ტარიელ ხაინდრავამ მოიგერია ძნელი ბურთი.

მატჩის უკანასკნელი 15 წუთი ტორპედოელთა შეტევებში წარიმართა. გათანაბრების შანსი ჯერ ბექა ტუღუშს ჰქონდა, რომელმაც ვანო წილოსანის პასის შემდეგ ძლიერად გაისროლა კარისკენ, მაგრამ არაზუსტად. საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე თენგიზ ბრეგვაძემ მარცხენა ფრთიდან კარგად ჩაუწოდა თურქთა საჯარიმოში წილოსანს – ვანოს დარტყმულმა ხარიხა შეაზანზარა.

როგორც აღვნიშნეთ, მეტოქესთან საკმაო უპირატესობის მიუხედავად, ტორპედოელებმა მეორე საკონტროლო შეხვედრაში მარცხი განიცადეს. მორიგ ტესტ-მატჩს „ტორპედო“ 27 ივლისს თურქეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „ანტალიასპორთან“ გამართავს.

თურქეთი. ბოლუ, იესილკოი ელმალიკი. „კორუ ოტელის“ საფეხბურთო მოედანი. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

„ბანდირმასპორი“ (ბანდირმა, თურქეთი) – „ტორპედო“ (ქუთაისი, საქართველო) – 1:0 (0:0)

“ტორპედო“: ქვილითაია (ხაინდრავა, 46), ტაბატაძე (ბენაშვილი, 75), კოლინი (ჭიჭინაძე, 55), გურული, ტუღუში, მამასახლისი (მესხი, 75), ფალავანდიშვილი, ქიმაძე (ბრეგვაძე, 85), ბაბუნაშვილი (ენდელაძე, 60), დოლიძე (წილოსანი, 79), კაპანაძე (კვერნაძე, 60)

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი.

გოლი: ჩიჩეკი (64).

გაფრთხილება: ფალავანდიშვილი (84).

"ტორპედოს" პრეს-სამსახური

0.120119