ინგლისის „ლივერპულის“ ყოფილი მცველი კოლო ტურე კარიერას შოტლანდიურ გრანდში, „სელტიკში“ გააგრძელებს. BBC-ის ცნობით, ტრანსფერი უახლოეს საათებში ოფიციალურად დადასტურდება.
კოტდივუარელმა ფეხბურთელმა კარიერა სამშობლოში, „მიმოზასში“ დაიწყო, საიდანაც 2002 წელს ლონდონის „არსენალში“ გადავიდა, სადაც გუნდთან ერთად 2004 წელს ინგლისის პრემიერლიგა დაუმარცხებლად მოიგო.
აწ უკვე 35 წლის ფეხბურთელი 2009 წელს „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა, საიდანაც 2013 წელს „ლივერპულში“ გადავიდა, რომელსაც „სელტიკის“ ამჟამინდელი თავკაცი ბრენდან როჯერსი წვრთნიდა. ტურეს ანგარიშზე 2000-2015 წლებში 118 სანაკრებო თამაში და 7 გოლია.
მერსისაიდელებთან კოტდივუარელის კონტრაქტს ვადა 30 ივნისს გაუვიდა და რადგან მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვეს, კოლო თავისუფალი აგენტი გახდა. დღეს მან „სელტიკში“ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთში, „ასტანას“ წინააღმდეგ ითამაშებს.
პრემიერლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში კოლომ 1 გოლი გაიტანა.