ჩოგბურთი

1:10 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი: “ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ”
ATP-ს ტურნირის ფინალში ქართველის მეტოქე იტალიელი ლორენცი იქნება

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი ქართველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიერ ორგანიზებული ტურნირის ფინალში გასვლა მოახერხა.

24 წლის ბასილაშვილმა ამ წარმატებას ავსტრიულ კიცბიუელში მიმდინარე Generali Open-ზე (საპრიზო ფონდი 520 070 ევრო), სადაც 4 მეტოქის დამარცხება მოახერხა. ნიკოლოზმა ყველაზე დამაჯერებლად ნახევარფინალში ითამაშა, როდესაც 26 წლის სერბი დუშან ლაიოვიჩის დასაჯაბნად მხოლოდ 64 წუთი დასჭირდა – 6:3, 6:1.

“ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ამისთვის დიდი სამუშაო გავწიე. მოსაგებად 100% გავიღე. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ცოტა ვინერვიულე, თუმცა, ვფიქრობ, კარგად ვითამაშე”, - განაცხადა ბასილაშვილმა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე.

ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელმაც წლეულს ჩინეთში გუანჟოუს (ფინალში ლაცკოს სძლია) და გერმანიაში ჰეილბრონის (შტრუფს აჯობა) ჩელენჯერებზე იმარჯვა, პირველ მოწოდებაზე ბურთების 73% (30 41-დან) მოიგო და ლაიოვიჩს მოწოდება 4-ჯერ აართვა, მეტოქემ კი 1 ბრეიკიც ვერ განახორციელა.

ფინალში ბასილაშვილის მეტოქე იტალიელი პაოლო ლორენცი იქნება, რომელმაც ავსტრიელ ჯერალდ მელცერს ურთულეს შეხვედრაში 7:6 (7:4), 7:6 (15:13) სძლია. მარტო ის რად ღირს, რომ აპენინელმა თამაშის მოგება მე-13 (!) მატჩ-პოინტზე მოახერხა.

“მატჩ-პოინტების რაოდენობა ნამდვილად არ დამითვლია, თუმცა, ბევრი შანსი რომ გავანიავე, ფაქტია. უბედნიერესი ვარ. ბოლოს ფინალში 2 წლის წინ ვითამაშე და ახლა, გამარჯვების კიდევ ერთი შანსი მეძლევა. ფინალში ისევე უნდა ვითამაშო, როგორც – დღეს. უფრო სწორად, ცოტა უკეთაც კი”, - აღნიშნა ლორენციმ, რომელმაც 2014 წლის მარტში სან პაულოს ტურნირის ფინალში გააღწია, იქ კი არგენტინელ დელბონისთან დამარცხდა.

კიცბიუელის ტურნირის ფინალური მატჩი დღეს, 23 ივლისს, თბილისის დროით 15:00 საათზე გახლავთ დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ Generali Open-ის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას და 82 450 ევროს მიიღებს.

0.139267