ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა ლეგიონერებმა ითამაშეს, თუმცა ჯერ ლეგიონერი მწვრთნელების დაპირისპირებით დავიწყოთ. შოთა არველაძის გაწვრთნილმა თელ ავივის "მაკაბიმ" კახა ცხადაძის "ქაირათი" გამოთიშა. ცხადაძის თანაშემწე კი, როგორც იცით, გიორგი ჩიხრაძეა.
პირველი შეხვედრა ყაზახეთში 1:1 დასრულდა და მეორე მატჩშიც, 86-ე წუთამდე ეს ანგარიში ენთო ტაბლოზე, თუმცა "მაკაბიმ" გადამწყვეტი გოლი გაიტანა და 2:1 იმარჯვა.
არველაძე: "რთული მატჩი იყო, "ქაირათს" საკმაოდ ძლიერი შემტევები ჰყავს ვირტუოზი არშავინის მეთაურობით. მოხარული ვარ, შემდეგ ეტაპზე გასვლით, ხოლო ჩემს კარგ მეგობარ კახა ცხადაძეს წარმატებას ვუსურვებ სეზონის დარჩენილ თამაშებში".
ცხადაძე: "გაწბილებულნი ვართ. ვფიქრობ, აბსოლუტურად თანაბარი დონის გუნდები თამაშობდნენ. ორივენი ვიმსახურებდით ჯგუფურ ეტაპზე გასვლას, თუმცა ჩვენ შანსი აღარ გვაქვს. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს. შესაძლოა, ყაზახეთის ჩემპიონატის გადატვირთული გრაფიკის ბრალია, რომ "მაკაბისთან" უკეთ ვერ ვითამაშეთ".
"მაკაბი" მესამე ეტაპზე რუმინულ "პანდურის" შეხვდება.
ლევან ყენიას "სლავიას" ესტონეთში 1:3 ჰქონდა წაგებული "ლევადიასთან", შინ კი 2:0 იმარჯვა. ყენიამ შეუცვლელად ითამაშა, ერთ საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა და ერთ-ერთი ყველაზე აქტიურიც იყო მინდორზე. "სლავიას" დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა.
ჩეხური "სლავია" მესამე ეტაპზე პორტუგალიის "რიუ ავეს" დაუპირისპირდება.
ნიკა კვეკვესკირის "გაბალამ" მეორე მატჩიც მოუგო ბუდაპეშტის მტკ-ს - 2:0. ნიკა კვეკვესკირმა 80 წუთი ითამაშა. შეგახსენებთ, ნიკამ სტუმრად გაუტანა უნგრელებს და მაშინ "გაბალამ" 2:1 იმარჯვა.
კვეკვესკირის გუნდი მესამე ეტაპზე ფრანგულ "ლილს" შეხვდება.