ახლა უკვე ოფიციალურად – მარკო პიაცა ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელია. 21 წლის ხორვატმა შემტევმა, რომელიც ტურინს დღეს ეწვია, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და იტალიის ჩემპიონთან კონტრაქტიც გააფორმა. ზაგრების “დინამოს” ექსფეხბურთელი “იუვენტუს სთედიუმზე” მომდევნო 5 წლის განმავლობაში დარჩება, ხოლო ანაზღაურების სახით წელიწადში 1.8 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება, აღნიშნული ტრანსფერის ღირებულებას, მან 23 მილიონი შეადგინა.
პიაცა “იუვენტუსში” 20 ნომრიანი მაისურით ითამაშებს და იგი მიმდინარე ზაფხულს “იუვეს” მეოთხე ახალწვეულია დანი ალვეშის, მირალემ პიანიჩისა და მეჰდი ბენატიას შემდეგ.
მოგეხსენებათ, ზაგრების “დინამო” ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მეტოქეა და ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა მოახლოებული თამაშის წინ ჩვენი ქვეყნის ჩემპიონისთვის ურიგო სიახლე არ უნდა იყოს. მარკო პიაცას აქამდე ხორვატიის ნაკრებში 11-ჯერ უთამაშია და მეტოქეთა კარში ერთი გოლი გაუტანია.